Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩვენი ყველა მიმოწერა იწყება სიტყვებით, "ჩემო საყვარელო", - რა თქვა ბასილაშვილის დედამ სასამართლოში


ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი, 5 ოქტომბერი
ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი, 5 ოქტომბერი

5 ოქტომბერს, ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესის დაწყებამდე რამდენი წუთით ადრე, სასამართლოს ეზოში ვერცხლისფერი "ტოიოტას" მარკის ჯიპი გაჩერდა. მანქანიდან ჩოგბურთელი დედასთან ერთად გადმოვიდა. თვეების შემდეგ ბასილაშვილი თავისი საქმის არსებით განხილვას სასამართლო დარბაზში პირველად დაესწრო.

“თავს დამნაშავედ არ ვთვლი… სანამ პროცესები არ დასრულდება, მანამდე განცხადებებს არ გავაკეთებ”, - უთხრა მან ჟურნალისტებს სასამართლო დარბაზში შესვლამდე.

მალევე სასამართლოში მივიდა ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლიც.

ნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი

სხდომა, სადაც ერთ მხარეს ნელი დოროყაშვილი, ხოლო მეორე მხარეს, ადვოკატებთან ერთად, ნიკოლოზ ბასილაშვილი იჯდა, მოდელის ყოფილი დედამთილის, ნატალია ნაჭყებიას დაკითხვით გაიხსნა.

კითხვებს, ბასილაშვილის 3 ადვოკატიდან ერთ-ერთი, თეონა გვაზავა სვამდა.

ნელი დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესზე, 5 ოქტომბერი
ნელი დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესზე, 5 ოქტომბერი

“ნელი დოროყაშვილი ქორწინებამდე 2 წლით ადრე გავიცანი, ნიკა ამერიკაში ცხოვრობდა და აქ ჩამოსული იყო. რამდენადაც ვიცი, ინტერნეტით გაიცნეს ერთმანეთი… ჩამოგვიყალიბდა ძალიან კარგი ურთიერთობა, ჩემთვის, ჩემი შვილის არჩევანი უპირობოდ მიღებული იქნა. ნელი ჩემთვის იყო, როგორც შვილი”, - თქვა ნატალია ნაჭყებიამ, რომელსაც წინ ფურცლების დასტა ელაგა, ადვოკატების კითხვების შესაბამისად კი, პასუხის გაცემისას კითხვას იწყებდა.

ნატალია ნაჭყებია დროდადრო თავის ჩვენებას, როგორც თავად ამბობდა, ნელი დოროყაშვილთან პირადი მიმოწერის ჩანაწერებს აფუძნებდა.

მისივე თქმით, მიმოწერის გასაჯაროების გადაწყვეტილება ნელი დოროყაშვილის დაკითხვის მოსმენის შემდეგ მიიღო. მან სასამართლოში თქვა, რომ ამ მიმოწერის შინაარსი აქამდე უცნობი იყო ადვოკატებისთვისაც და, შესაბამისად, არც საქმის მასალებში დევს როგორც მტკიცებულება.

“ძალიან დიდი სიყვარული და ზედმეტი თანაგრძნობაც კი იყო ნელისადმი ჩემი მხრიდან. ჩვენს მიმოწერაში ყველა სიტყვა იწყება “ჩემო საყვარელო, მიყვარხარ". დღემდე მინდა შევინარჩუნო ის განცდა, რომ ყველაფერი, რაც ჩვენს ურთიერთობაში იყო, მაშინ იყო გულწრფელი და რაღაც გარემოებებმა გამოიწვია ეს შედეგი”, - თქვა ბასილაშვილის დედამ.

ნატალია ნაჭყებიამ გაიხსენა ქორწილის დღეც, როდესაც ნელი დოროყაშვილის თქმით, ბასილაშვილმა მასზე პირველად იძალადა.

ჩოგბურთელის დედამ მნიშვნელოვნად ჩათვალა მოსამართლისთვის მოეყოლა, რა მიმოწერა უძღოდა წინ ქორწილის დღეს.

“[ნელი] მწერს, გუშინ დეპრესია დამეწყო, ქორწილში რომ დავინახო [გულისხმობს ნიკოლოზ ბასილაშვილის მეჯვარეს - რ.თ.], შეიძლება გადავხტე, ან თავი მოვიკლა. ძალიან არ მინდა, ეს ჩვენი მეჯვარე იყოს და გეხვეწებით, რამე მოიფიქრეთ, ნიკას დაელაპარაკეთ… ეგ რომ დავინახო მეჯვარედ ...ჩამშხამდება ყველაფერი და ნიკასაც ჩაშხამდება”, - წაიკითხა მოწმემ ფურცლებიდან, რომელიც სასამართლოში მიიტანა.

"მიზეზი რა იყო ამ ყველაფრის? რატომ ჰქონდა მას განცდა, რომ ეს ბატონი ...არ უნდა ყოფილიყო მეჯვარე?“ - იკითხა ბასილაშვილის ადვოკატმა.

“იწუნებდა”, - უპასუხებს მოწმე და აგრძელებს: “ვკითხე, იქნებ არის რაიმე მიზეზი-მეთქი, მაგრამ არ მპასუხობდა… უხერხულია იმ პიროვნებასთან… გარეგნობით არ მოსწონდა”.

“როგორი იყო ნელის ემოციური მდგომარეობა ქორწილის მსვლელობის დროს?” - ხელახლა დაზუსტება ითხოვა მოწმის ადვოკატმა.

“არ იყო ისეთ განწყობაზე, როგორც ქორწილს შეეფერება. მეჯვარე ჩემს მანქანაში არ ჩასვათო და ესეც შეუსრულა ნიკამ. ყველანაირად შევუქმენით პირობები, რომ ბედნიერი ყოფილიყო. მე ნიკას ვთხოვე, ყველაფერი ისე გაეკეთებინა, როგორც ნელისთვის იქნებოდა სასურველი”, - ამბობს ნატალია ნაჭყებია.

ადვოკატის შემდეგი კითხვები ქორწინების პერიოდს და ნელი დოროყაშვილის სამსახურს შეეხო.

“ზოგადად მისი სურვილი იყო ნიკასთან ერთად ყველა ტურნირზე წასვლა”, - თქვა ნატალია ნაჭყებიამ.

წინა სასამართლო სხდომაზე ნელი დოროყაშვილმა მოსამართლეს უთხრა, რომ მისმა მეუღლემ და დედამთილმა ხელი შეუშალეს განათლებისა და მუშაობის გაგრძელებაში.

საპირისპიროს ამტკიცებს ჩოგბურთელის დედა. ის ამბობს, რომ ნელიმ სამსახური ნებაყოფლობით დატოვა და მეუღლესაც ტურნირებზე საკუთარი სურვილით დაჰყვებოდა.

“ნელის არჩევანი იყო ნიკასთან ევლო ტურნირებზე, უპირატესობა მიანიჭა ამას და სამსახურიდან ნებაყოფლობით წამოვიდა… ამის თქმის უფლებას მაძლევს 2013 წლის 3 სექტემბრის მიმოწერა: მე [ნელის] ვეკითხები:

- ხო მართლა, ნელიკო, სამსახურში რა ხდება?

- რა ვიცი, აბა? ძალიან დატვირთული რეჟიმი გვაქვს და ყოველდღე სხვადასხვა დროს მივდივარ...სამსახურში ფეისბუკი დაბლოკილი მაქვს და იშვიათად ვლაპარაკობ ნიკასთან. გაბრაზებული ვარ, არ ველოდი, ასეთი დატვირთული თუ ვიქნებოდი, ქორწილს ვერაფრით ვერ ვასწრებ, ეს 3 დღეა, მივდივარ სახლში და ვწვები, ვიძინებ…

მე ვეკითხები: რა ცუდია, შეძლებ მერე [ქორწილის მომზადებას]? - წაიკითხა სხდომაზე ბასილაშვილის დედამ. მანვე დაამატა, რომ საქორწილო მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ ნელი სამსახურში აღარ დაბრუნებულა და ნიკოლოზთან ერთად, ტურნირებზე სიარული გააგრძელა.

ნატალია ნაჭყებიამ ასევე უარყო, რომ ის ან ნიკა ყოფილ რძალს სამოდელო საქმიანობას უკრძალავდნენ:

“ჩვენი დამოკიდებულება ჩემი შვილების და, ასევე, ნელის მიმართ იყო ცალსახა, ყველა ინიციატივისას, რომელიც შრომასთან იყო დაკავშირებული, გვერდში ვედექით. თუგინდ ყოფილიყო სამოდელო… საოცრად ფოტოგენური ადამიანია და გულით და სულით მასთან ვიყავით. არასოდეს, არც ნიკას აუკრძალავს. ნიკა ამ წამოწყებას პროფესიული თვალით უყურებდა”.

ბავშვის დაბადება იყო ადვოკატების განხილვის კიდევ ერთი თემა. კითხვები შეეხო ნელი დოროყაშვილის მონაყოლს, მისი დედამთილის მოთხოვნაზე, რომ დაემალა ბავშვის რეალური წონა. “ეს არის უდიდესი შეურაცხყოფა ჩემ მიმართ. როგორ უნდა დაახასიათო ადამიანი იმაზე დაბალ კატეგორიად, რომ ასეთი ბრალი წაუყენო? რა თქმა უნდა, არა… 2015 წლის 4 მაისი [გულისხმობს ბავშვის დაბადების დღეს - რ.თ.] ჩემთვის იყო ერთ-ერთი ბედნიერი დღე”, - თქვა მან და ისევ წაიკითხა ჩანაწერი, რომელიც, მისი თქმით, ნელი დოროყაშვილთან მიმოწერას ასახავს:

- ნელიკო, შენ ხარ? [ამ დროს ჩოგბურთელის ცოლი სამშობიაროშია - რ.თ.]

- კი

- როგორ ხარ, ჩემო პატარა? რა ტკბილად ეძინა პატარა ბიჭს, რომ ვნახე.

- ხო, მე კარგად ვარ, ხო, ძალიან შვიდად, ისეთი საყვარელი იყო, უკვე მომენატრა. ნატო დეიდა, ნიკა რომელზე იქნება აქ?

- 3 საათზე ჩამოფრინდება

- აუ, ნეტა შემოუშვებენ?

- შემოუშვებენ, ალბათ, შენ არ გეძინება?

- არა.

- იმედია, შემოუშვებენ, შენ როგორ ხარ?

- კარგად, ნიკას ველოდები მარტო.

- ცოტა მოითმინე და ჩაეხუტები.

ნიკოლოზ ბასილაშვილის დედას, ნატალია ნაჭყებიას შვილიშვილზე ფსიქოლოგიური ძალადობის ბრალდებით შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. ეს ორდერი პირველი ინსტანციის სასამართლომ ძალაში დატოვა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ გააუქმა.

ბასილაშვილის დედამ სხდომაზე ასევე თქვა, რომ რძალი ბავშვს მის წინააღმდეგ უარყოფითად განაწყობდა და ამის მტკიცებულებად კონკრეტული ამბავი გაიხსენა: "[ბავშვი] მეუბნებოდა, კუდი ხომ არ მქონდა... ვინ გითხრა-თქო რომ ვეკითხებოდი, მეუბნებოდა, რომ დედამ უთხრა".

სასამართლოზე ნიკოლოზ ბასილაშვილის დედამ აღნიშნა, რომ მისმა შვილმა განქორწინება ჯერ კიდევ 2016 წელს მოინდომა.

“ვერ უგებდნენ ერთმანეთს და ხშირად ნებისმიერ საკითხზე ჰქონდათ განსხვავებული შეხედულებები”, - თქვა მან.

რა უპასუხა ნელი დოროყაშვილმა ყოფილ დედამთილს?

ნელი დოროყაშვილის გამოსვლა დღეს დაგეგმილი არ ყოფილა, მისი გამოკითხვა სასამართლომ უკვე დაასრულა. სხდომის შემდეგ მოდელი ჟურნალისტებს დაელაპარაკა და ასე შეაფასა ყოფილი დედამთილის ჩვენება.

"...სხვა მოლოდინი ამ ადამიანისგან არ მქონია. ეს ოჯახი ისევ აგრძელებს [ჩემს] დისკრედიტაციას. ფაქტობრივად, რაც ხდებოდა ჩემი დაკნინება, ფსიქოლოგიური წნეხი ამ ოჯახის მხრიდან, ისევ გრძელდება", - თქვა მან.

მანვე აღნიშნა, რომ "არ ახსენდება" ის მიმოწერა, რაც ნატალია ნაჭყებიამ სხდომაზე წაიკითხა. დოროყაშვილი აცხადებს, რომ ცილისწამებისთვის სარჩელს მოამზადებს: "...ბევრ ნაწილში ჰქონდა ცილისწამებას ადგილი, მე მოვინიშნე ეს დეტალები და სარჩელს აუცილებლად მოვამზადებ".

რით პასუხობს ბრალდების მხარე?

პროკურორმა ნათია გურულმა თქვა, რომ მიმოწერა, რაც ნიკოლოზ ბასილაშვილის დედამ სხდომაზე წაიკითხა, მტკიცებულებად ვერ გამოდგება, რადგან არც მისი ნამდვილობაა დადასტურებული და არც მტკიცებულებად დევს საქმეში.

"ბუნებრივია, ეს დოკუმენტაცია ვერ შეფასდება, როგორც მტკიცებულება, თუმცა ის მიმოწერა, რასაც ბრალდებულის დედა აჟღერებდა, არ არის წინააღმდეგობაში დაზარალებულის მიერ მოწოდებულ ინფორმაციასთან".

ნატალია ნაჭყებიას სასამართლო სხდომაზე დაკითხვა 11 ოქტომბერს ისევ გაგრძელდება.

ნიკოლოზ ბასილაშვილი პოლიციამ, ყოფილ ცოლზე ძალადობის ბრალდებით, 2020 წლის 22 მაისს დააკავა. მას ბრალი (სსკ-ის 126¹-ე მუხლი) არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის გამო წარედგინა. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.

ნიკოლოზ ბასილაშვილს 24 მაისს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 100-ათასლარიანი გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა.

  • 16x9 Image

    გვანცა ნემსაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG