საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბონი დენის ჯენკინსი აცხადებს, რომ ბოლო დროს საქართველოში აშშ-ის ელჩსა და საელჩოზე თავდასხმა, დეზინფორმაციის დიდი სქემის ნაწილია. მან მედიასთან საუბრის დროს ხაზი გაუსვა აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის საქმიანობის მნიშვნელობას.
"[მისი] ძალისხმევა არ ყოფილა ადვილი, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როდესაც ჩვენთვის უაღრესად შემაშფოთებელი იყო ის პირადი თავდასხმები ელჩ დეგნანზე და საელჩოზე, რაც ვიხილეთ. მოდი, ძალიან მკაფიოდ ვთქვათ, ეს არის ნაწილი დეზინფორმაციის უფრო დიდი სქემისა, რომელიც მიმართულია სიმართლის დაფარვისკენ ევროპაში შექმნილი კრიზისის ირგვლივ. კრიზისისა, რომელიც ერთმა ადამიანმა შექმნა", - თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრებზე საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს გააცნობს ვაშინგტონის გზავნილს ელჩთან დაკავშირებით.
"ყველა ამ შეხვედრის განმავლობაში მე მოუთმენლად ველოდები, რომ გავაჟღერო გზავნილი - ძლიერი მხარდაჭერა ვაშინგტონის მხრიდან იმ უზარმაზარი და უმნიშვნელოვანესი სამუშაოს მიმართ, რასაც ელჩი დეგნანი და მისი საელჩოს გუნდი ახორციელებენ საქართველოში იმისათვის, რომ მხარი დაუჭირონ და წინ წაწიონ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები", - თქვა მან.
ბონი დენის ჯენკინსი, იარაღის კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, საქართველოში ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონში ბიოუსაფრთხოების ასოციაციის კონფერენციაზე დასასწრებად ჩამოვიდა.
მმართველი პარტიის "სიმართლის თქმის" მოტივით დატოვება "ქართული ოცნების" წევრებმა 28 ივნისს დაიწყეს.მათ შორის პირველები, დიმიტრი ხუნდაძე, სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი ერთობლივად გავრცელებულ განცხადებებში აშშ-ის ნეგატიურ როლზე საუბრობენ. მათი თქმით, ამერიკული დაფინანსების ნაწილი მოხმარდა სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებს. მათ შორის არაერთხელ გაკეთდა მინიშნება "მეორე ფრონტის" გახსნაზე დადანაშაულების შესახებ.
საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის თქმით, აშშ-სა და საქართველოს შორის მჭიდრო სტრატეგიულმა პარტნიორობამ დიდი სარგებელი მოუტანა ორივე ქვეყანას:
"ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს ექვს მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გავუწიეთ, ათასობით ქართველმა გაცვლით პროგრამებში მიიღო მონაწილეობა და შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ათობით ათასი ჯარისკაცი მოამზადა, რათა მათ უკეთ შეძლონ საქართველოს საზღვრების დაცვა. საქართველო უფრო უსაფრთხო, უფრო აყვავებული და უფრო დემოკრატიულია ჩვენი პარტნიორობის გამო და მოუთმენლად ველით ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებას".
მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მხრიდან პარლამენტის უმრავლესობის წევრების, დიმიტრი ხუნდაძის, სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილისა და გურამ მაჭარაშვილის განცხადებების რუსულ დეზინფორმაციად მოხსენიება, შეურაცხმყოფელია.