Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ოჯახი სოციალურ დახმარებას იღებს" -  ხაბეიშვილს ხარაგაულში დაუპირისპირდნენ


ლევან ხაბეიშვილი და მანანა ბარბაქაძე
ლევან ხაბეიშვილი და მანანა ბარბაქაძე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრს, დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს, ხარაგაულში დაუპირისპირდნენ. მან მედიას უთხრა, რომ ხარაგაულში ჩავიდა იმის გასაგებად, რატომ დაენიშნათ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, დავით კიკნაძის, შვილებს სოციალური დახმარება.

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელმა ხარაგაულის საკრებულოში, თორნიკე ავალიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მათ დაუპირისპირდნენ საკრებულოს წევრები და მერიას დაქვემდებარებული ორგანიზაციების თანამშრომლები.

"საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს როგორ აძლევთ დახმარებას, არ გრცხვენიათ?! 5000 კაცი მომლოდინეა", - მიმართა ლევან ხაბეიშვილმა ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარეს, მანანა ბარბაქაძეს.

ხარაგაულში ჩასულ ლევან ხაბეიშვილსა და მის თანამოაზრეებს საკრებულოს წევრები დახვდნენ. ფიზიკური ძალადობის დროს პარლამენტის დეპუტატს დაცვა იცავდა.

"კანონიერად აქვს... ხმა ჩაიწყვიტე... შენ კაცი თუ ხარ, თქვე ჩანჩურებო... გაიყვანეთ აქედან. ჩანჩურა, კურდღელო, რად გინდა დაცვა, თუ კაცი ხარ. ქათამო", - თქვა საკრებულოს თავმჯდომარემ.

მანანა ბარბაქაძე შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა ჟურნალისტებსაც: "როგორ გადამიღე... რა არ გადამიღე, დამპალო... მიდი, დაახვიე აქედან".

ხარაგაულის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელისა და ამავდროულად, საკრებულოს დეპუტატ კიაზო გამრეკელაშვილის განმარტებით, ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 120 ათასამდეა და 16 წლამდე მოზარდები ჰყავთ, თითოეულ შვილზე დახმარების სახით 150 ლარს იღებენ.

"თქვენ იცით, ბავშვი რომ ავად არის, რა თანხები სჭირდება... სამი შვილი ჰყავს და პროგრამულად მიეცა", - უთხრა სააგენტოს ხელმძღვანელმა მასთან შესახვედრად მისულ ლევან ხაბეიშვილს.

საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის ხელფასი 3410 ლარია. მან 3 ოქტომბერს შვილებისთვის შემწეობის თანხის დარიცხვაზე საუბრისას საკრებულოს სხდომაზე თქვა, რომ "საჯარო მოხელე თვითონაა და არა მისი შვილები".

XS
SM
MD
LG