Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირიმელი თათრები მასობრივად იბრუნებენ უკრაინულ პასპორტებს


ყირიმიდან გამოქცეული ასობით ყირიმელი თათარი, ასტანაში უკრაინის საელჩოს რიგში დგას: ისინი ცდილობენ აიღონ ან აღიდგინონ უკრაინული საზღვარგარეთის პასპორტი, რომელიც მათ ევროპაში გასვლის შესაძლებლობას მისცემს. ყირიმელ თათრებს არ სურთ რუსეთისგან ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე დაბრუნება.

„მინდა საზღვარგარეთის პასპორტი გავაკეთო და თურქეთში ან უზბეკეთში წავიდე, ნათესავებთან“, - ამბობს ერთ-ერთი რიგში მდგარი.

ზოგ პასპორტს, რომელიც 2014 წლამდე აიღეს, ვადა გაუვიდა. ახალგაზრდობას მსგავსი რამ არც არასდროს ჰქონია.

„ყირიმში, სამშობლოში, ყველას დედ-მამა დაგვრჩა. მაგრამ რუსეთს ჩვენ სამშობლოდ არ მივიჩნევთ. ეს არის ოკუპანტი ქვეყანა, რომელმაც მთელ მსოფლიოს მოუტანა ზიანი და დღემდე იმავეს აკეთებს“, - ჰყვება კიდევ ერთი.

2014 წლის თებერვალში რუსეთი ყირიმში შეიჭრა და ის რუსეთის ფედერაციის ნაწილად გამოაცხადა. ყირიმის ანექსია ლეგიტიმურად მხოლოდ ხუთმა ქვეყანამ ცნო, მათ შორის ავღანეთმა, ჩრდილოეთმა კორეამ და სირიამ. დასავლეთის ქვეყნებმა ყირიმის ფსევდორეფერენდუმი არ აღიარეს, მაშინ რეფერენდუმი სამხედროების თანმხლებით ჩატარდა. ამ ქვეყნებმა ყირიმის ანექსიისთვის რუსეთს სანქციებიც დაუწესეს.

უკრაინას ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმი აქვს, მაგრამ ყირიმელი თათრებისთვის, რომლებიც ანექსირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ, უკრაინული პასპორტის გარეშე ამ ქვეყნების კარი დახურულია, მიუხედავად იმისა, რომ იურიდიულად ისინი ისევ უკრაინის მოქალაქეებად რჩებიან. თანაც ნაწილმა უკრაინული პასპორტი მაშინ რუსულში გაცვალა, ბევრმა მათ შორის იძულებითაც, რათა სამსახური და უძრავი ქონება შეენარჩუნებინა.

რამდენ ადამიანს დარჩა უკრაინული პასპორტი, ცნობილი არ არის, ახლანდელი მოქალაქეობის შესახებ მათ არც საელჩოში ეკითხებიან.

„არ მაინტერესებს მათი დოკუმენტები. თუ წარმოადგენენ საბუთს, რომ უკრაინის მოქალაეები არიან, დავარეგისტრირებ როგორც უკრაინის მოქალაქეებს, - ამბობს ივან ალმაში, უკრაინის კონსული ყაზახეთში, - ბევრი მოდის, ვეხმარებით როგორც შეგვიძლია. თუ უკვე აქვთ პასპორტები, მათში მათი ბავშვების ფოტოებსაც ვაკრავთ. ვუგრძელებთ პასპორტის ვადას და ასე შემდეგ. ვმუშაობთ, რომ აქ ნორმალურად იყვნენ და წინსვლა შეძლონ“.

ყირიმელი თათრები, რომლებმაც საელჩოს მიმართეს, ამბობენ, რომ არ სურთ რუსეთის სასარგებლოდ იბრძოლონ. მობილიზაცია ანექსირებულ ყირიმსაც შეეხო. ისინი ჰყვებიან, რომ 21 სექტემბრიდან მამაკაცები ძალით მიჰყავთ ჯარში. გაწვევის საბუთი მათაც კი მიიღეს, ვისაც არასდროს უმსახურია და არც ბრძოლის გამოცდილება აქვს.

„ძმების წინააღმდეგ როგორ ვიბრძოლოთ? იქ ყველა ჩვენი ნათესავია, უკრაინაში. ამიტომ სანამ შესაძლებლობა გვაქვს, საბუთებს გავაკეთებთ, - ამბობს დინარა, უკრაინის მოქალაქე, რომელიც ყაზახეთში გამოიქცა, -მძიმეა, რა თქმა უნდა, ერთი კვირა მოვდიოდით, შორია ყირიმიდან“.

ყირიმელები ამბობენ, რომ ნებისმიერ წინააღმდეგობას ომთან დაკავშირებით, უკრაინული სიმღერების შესრულებასაც კი, ყირიმში რეპრესიები მოსდევს. თათრები ყაზახეთამდე ყველა შესაძლო გზით მოდიან, ყველაზე ხშირად რუსეთის გავლით. ზოგმა მანქანით გამომგზავრებაც კი მოახერხა. ზუსტად რამდენი ადამიანი ჩავიდა ყაზახეთში ყირიმიდან, ჯერჯერობით უცნობია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG