Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ჯავის რაიონში საწვავის დეფიციტია


საოკუპაციო ხაზი
საოკუპაციო ხაზი

ნავთობპროდუქტების დეფიციტია რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში. განსაკუთრებით რთული ვითარებაა მაღალმთიან რაიონებში. ჯავის რაიონის დაბა კვაისაში და მიმდებარე სოფლებში რამდენიმე თვეა ბენზინი არ შეუტანიათ. ეს თემა კი, დე ფაქტო პარლამენტის განხილვის საგნად იქცა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „რესი“ იუწყება.

როგორც ე.წ. დეპუტატმა ვლადიმერ ბაზაევმა პარლამენტარებს განუცხადა, მაისის შემდეგ დასახლებებს ბენზინი არ მიეწოდება.

„ხალხი საწვავის დეფიციტის გამო არაერთ სირთულეს აწყდება“, - განაცხადა ბაზაევმა. მანამდე დასახლებულ პუნქტებს ბენზინი სტაბილურად მიეწოდებოდა და არანაირი პრობლემა არ ყოფილა. ე.წ. დეპუტატმა განმარტა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მან მიმართა ჯავის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობას, დაჰპირდნენ პრობლემის მოგვარებას, თუმცა ეს დღემდე ვერ მოხერხდა. ამ პრობლემის მოგვარების მოთხოვნით პარლამენტის ე.წ. თავმჯდომარემ ალან ალბოროვმა პარლამენტში ე.წ. მთავრობის წარმომადგენელს, ზურაბ კოკოევს მიმართა. „საკითხი ერთ კვირაში უნდა გადაწყდეს“, - აღნიშნა ალბოროვმა.

დე ფაქტო რესპუბლიკის საწვავით უზრუნველყოფას ე.წ. სახელმწიფო საწარმო ახორციელებს, რომელსაც ნავთობპროდუქტები რუსეთის ფედერაციიდან შეაქვს ოკუპირებულ რეგიონში. იქ ფაქტობრივად არ არსებობს სხვა კომერციული ორგანიზაცია, რომელიც საწვავის შეტანის ალტერნატიულ გზებს იპოვიდა - ოკუპირებულ რეგიონში საწვავზე ე.წ. სახელმწიფო მონოპოლიაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG