ჯაბა სამუშია, რუსთაველის სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას უარყოფს სოციალურ ქსელსა და ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ის თსუ-ს რექტორი გახდა.
მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა, ის კვლავ რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელია და „არანაირი განწყობა რექტორობასთან დაკავშირებით“ არ აქვს:
„ადამიანებმა, რომლებმაც არ იციან თსუ-ს წესდება, რიგითმა მოქალაქეებმა, რომლებსაც ვერ დაავალდებულებ, რომ იცოდნენ თსუ-ს წესდება, აიღეს და ინფორმაცია, რომელიც რაღაც მედიასაშუალებებმა გაავრცელეს, თითქოს მე თსუ-ს რექტორი გავხდი, დაიწყეს ამ ინფორმაციის გაზიარება, ნაცნობებმა, უცნობებმა, ჩემმა სტუდენტებმა. მე ამაზე პასუხი არ მაქვს. რა მილოცვებზეა საუბარი, როდესაც თსუ-ს წესდება რექტორის დანიშვნის მსგავს ფორმას საერთოდ არ ითვალისწინებს. ჯერ არც კონკურსი გამოცხადებულა, არანაირი პროცესი არ დაწყებულა, ბატონი გია ჯერ კვლავ მოქმედი რექტორია, მე ვარ რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელი, არანაირი განწყობა ამასთან დაკავშირებით არ მაქვს. ახლა ვზივარ, ვურეკავ ყველას, ვინც ნაცნობია, რომ აიღონ პოსტი, რომ ტყუილია, რადგან ძალიან უხერხულია ეს ყველაფერი. თსუ-ს წესდებას და ტრადიციას პატივს ვცემ. 13 წლიდან ამ შენობაში ვიზრდები და გამორიცხულია, რომ მე რაიმე წესდება დავარღვიო. ისეთი შეწუხებული ვარ“...
ჯაბა სამუშიამ პოსტი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელშიც, სადაც ის გავრცელებულ ცნობას დეზინფორმაციას უწოდებს:
"მეგობრებო, მთელი დღე გზაში ვარ და მხოლოდ ეხლა ვნახე ზოგიერთი სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ვითომდა ჩემი რექტორად დანიშვნასთან დაკავშირებით. არაფერი მსგავსი არ მომხდარა და ეს არის რამდენიმე სააგენტოს მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია. გასაგებია რასაც ისახავენ მიზნად, მაგრამ, ამჯერად, ამაზე არ გავამახვილებ ყურადღებას. ვწუხვარ, რომ ბევრმა ეს ინფორმაცია სანდოდ მიიღო. თსუ-ს წესდება არეგულირებს არჩევნების წესს და არავინ არავის არ ნიშნავს. ამასთანავე, დღეისათვის უნივერსიტეტს ჰყავს რექტორი და ახლის არჩევა, მხოლოდ რამდენიმე კვირაში იგეგმება. ყველამ პატივი უნდა ვცეთ თსუ-ს ტრადიციას".
9 ოქტომბერს, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელი ჯაბა სამუშია გახდა.
ჯაბა სამუშიას მეგობრები სოციალურ ქსელში მთელი დღის განმავლობაში ულოცავდნენ უნივერსიტეტის რექტორობას. თუმცა, მოგვიანებით, ზოგიერთმა მათგანმა, მათ შორის დავით ოქიტაშვილმა, საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა, მილოცვის პოსტი სოციალური ქსელიდან წაშალა.
თსუ-ს რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ აკადემიურ საბჭოს გადადგომის მოთხოვნით პარასკევს, 7 ოქტომბერს მიმართა. ინფორმაცია ამის შესახებ მან თავად გაავრცელა სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მიიღო, რის შესახებაც საუნივერსიტეტო საზოგადოება ინფორმირებული იყო.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების თანახმად, რექტორის არჩევნებამდე კანდიდატურის შერჩევისას აკადემიური საბჭო აფასებს თითოეული კანდიდატის მიერ წარდგენილ სამოქმედო გეგმას. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას აკადემიური საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით.
თსუ-ს რექტორს ირჩევს 37 წევრისგან შემდგარი აკადემიური საბჭო. ხმის მიცემა ფარულია. არჩევნები ჩატარებულად ითვლება, თუ მასში მონაწილეობს საბჭოს წევრების ნახევარზე მეტი.