Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირიმის ხიდის საავტომობილო ნაწილზე მხოლოდ მსუბუქი ავტომობილების მოძრაობაა ნებადართული


შაბათს აფეთქების შემდეგ ყირიმის ხიდის საავტომობილო ნაწილზე მხოლოდ მსუბუქი ავტომობილების მოძრაობაა ნებადართული. სამგზავრო ავტობუსები და სატვირთო მანქანები ანექსირებული ყირიმის ქალაქ ქერჩის პორტიდან კრასნოდარის რაიონის პორტ „კავკაზში“ ბორნებით გაიგზავნება. ამის შესახებ განაცხადა ანექსირებული ყირიმის რუსეთის მიერ დანიშნულმა ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა. მან დააზუსტა, რომ ხიდის სარკინიგზო ნაწილი ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს.

სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ტასმა 9 ოქტომბერს განაცხადა, რომ პორტ „კავკაზში“ 200-მდე სატვირთო მანქანა და ავტობუსი შეგროვდა ნახევარკუნძულზე ბორნით გამგზავრების მოლოდინში.

აფეთქება ქერჩის (ყირიმის) ხიდზე, რომელიც ანექსირებულ ყირიმს რუსეთის კრასნოდარის მხარესთან აკავშირებს, 8 ოქტომბერს დილით მოხდა. ხიდზე მთლიანად შეწყვეტილი იყო მოძრაობა.

ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის ცნობით, ყირიმის ხიდზე აფეთქდა სატვირთო ავტომობილი. აფეთქების შედეგად ცეცხლი მოედო საწვავის გადამზიდი მატარებლის შვიდ ცისტერნას. დაიღუპა სამი ადამიანი.

როგორც აცხადებენ, ტვირთმზიდი კრასნოდარიდან ყირიმში მიემგზავრებოდა. როგორ მოხვდა ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომობილში და როგორ აფეთქდა ის, ჯერჯერობით უცნობია. გაზეთი The New York Times-ი უკრაინის ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ აფეთქება უკრაინის სპეცსამსახურებმა მოაწყვეს. ბომბი ჩადებული იყო სატვირთო მანქანაში, რომელიც ხიდზე მოძრაობდა. იცოდა თუ არა ავტომანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობა მძღოლმა, გაურკვეველია, წერს გაზეთი.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა ხიდზე მომხდარი ახსნა ფსბ-სა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის კონფლიქტით.

აშშ-მა განაცხადა, რომ მომხდართან დაკავშირებით ის „ვერაფერს დაამატებს“.

ყირიმის ზოგიერთ რაიონში 23 ოქტომბრამდე შემოიღეს ტერორისტული საფრთხის „ყვითელი“ დონე. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განკარგულება გასცა ყირიმის ხიდის დაცვის ზომების გამკაცრების შესახებ. დაცვას ფსბ გაუძღვება. ამასთან, რუსეთს ჯერ მომხდარის არავითარი ვერსია არ წამოუყენებია. საგამოძიებო კომიტეტმა გამოაცხადა, რომ ინციდენტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. რა მუხლით არის საქმე აღძრული, არ აზუსტებენ. მხოლოდ იტყობინებიან, რომ გამომძიებლები ადგენენ მომხდართან კავშირში მყოფი პირების ვინაობას.

XS
SM
MD
LG