რუსეთი ცდილობს, ბელარუსი უკრაინის წინააღმდეგ ღია ომში ჩაითრიოს, განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ვადიმ სკიბიცკიმ.
„ჩვენ ვხედავთ ღონისძიებებს, რომლებსაც რუსეთი იმისთვის ატარებს, რომ ბელარუსის ხელმძღვანელობა აიძულოს, ომში ღიად ჩაებას. გამუდმებით ტარდება პუტინსა და ლუკაშენკას შორის შეხვედრები, სადაც ეს საკითხი განიხილება, და პუტინი ცდილობს, ლუკაშენკა ამ გადაწყვეტილებაზე დაიყოლიოს“, - განაცხადა სკიბიცკიმ სატელევიზიო გამოსვლაში.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის თანახმად, ამჟამად უკრაინის საზღვრის გასწვრივ და მის უშუალო სიახლოვეს ბელარუსის ექვსი სამხედრო ქვედანაყოფია განლაგებული.
უკრაინის დაზვერვაში მიაჩნიათ, რომ ლუკაშენკა კატეგორიულად ეწინააღმდეგება ბელარუსის ჯარების მონაწილეობას უკრაინის წინააღმდეგ ომში.
გუშინ ბელარუსში უკრაინის ელჩს გადაეცა დიპლომატიური ნოტა, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინის სამხედრო ძალები თითქოს ბელარუსის ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელებას გეგმავენ.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბელარუსის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ უკრაინა არასდროს დასხმია თავს სხვა ქვეყნების ტერიტორიებს და მტკიცედ იცავს საერთაშორისო კანონის ნორმებსა და პრინციპებს.
უკრაინამ მოუწოდა ბელარუსის ხელისუფლებას „შეწყვიტოს კრემლის ახირებების შესრულება“, ბელარუსის მოსახლეობას კი მიმართა, რომ არ აჰყვნენ პროვოკაციებს.
ბელარუსის პრეზიდენტმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ, არაერთხელ აღნიშნა, რომ ბელარუსი არ მონაწილეობს და არც შემდგომში მიიღებს მონაწილეობას ომში. მისი განცხადებით, ის მხოლოდ ლტოლვილებსა და დაჭრილებს მიიღებს. თუმცა, ბელარუსი რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან გამოიყენება უკრაინაში შეჭრის პლაცდარმად.
როგორც რუსეთის მოკავშირეს, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, ბელარუსს არაერთი სანქცია დაეკისრა აშშ-ის, ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების მხრიდან.