Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ ერთმანეთს


არქივის ფოტო
არქივის ფოტო

აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ ერთმანეთს. როგორც ბაქო აცხადებს, 8 ოქტომბერს საღამოს სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა სროლა დაიწყეს ვარდენისისა და გორისის რაიონების დასახლებული პუნქტების მხრიდან.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისროდნენ სხვადასხვა კალიბრის იარაღით, სამიზნე იყო აზერბაიჯანის ჯარები, რომლებიც ქელბაჯარის რაიონში არიან დისლოცირებული. ამ ინფორმაციის მიხედვით, 9 ოქტომბერს დილით სომხეთის სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს ლაჩინის რაიონის მიმართულებით. სამინისტროს თანახმად, მიღებულია ადეკვატური ზომები.

თავის მხრივ, ერევანმა განაცხადა, რომ 8 ოქტომბერს საღამოს აზერბაიჯანის სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს სომხეთის ჯარებს, რომლებიც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის სამხრეთ ნაწილში არიან დისლოცირებული. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისროდნენ სხვადასხვა კალიბრის იარაღით და სომხეთის ჯარებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს.

ბაქო და ერევანი არ აკეთებენ განცხადებას დაჭრილთა და დაღუპულთა შესახებ.

2020 წლის ნოემბერში, ე.წ. 44-დღიანი ომის შემდეგ, სომხეთი და აზერბაიჯანი რუსეთის შუამავლობით შეთანხმდნენ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტაზე. ამ შეთანხმებით, აზერბაიჯანმა დაიბრუნა ყარაბაღის რამდენიმე რაიონზე 90-იან წლებში დაკარგული კონტროლი. რეგიონში განთავსდა რუსეთის "სამშვიდობო კონტინგენტი". 2022 წლის სექტემბერში, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის განახლდა შეიარაღებული დაპირისპირება, რომლის შედეგად, ორივე მხრიდან დაიღუპა 200-ზე მეტი სამხედრო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG