უსაფრთხოების მოსაზრებით, უკრაინაში საქმიანობა შეაჩერა "წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა", ამის შესახებ სააგენტო Reuters-ს ორგანიზაციის წარმომადგენელმა განუცხადა. უკრაინაში საქმიანობა შეაჩერა ასევე ნორვეგიის ლტოლვითა საბჭომ. ორგანიზაციამ პირობა დადო, რომ ჰუმანიტარული მისია მუშაობას განაახლებს, როგორც კი ეს უსაფრთხო იქნება.
როგორც "წითელი ჯვრის" უკრაინის განყოფილების პრესმდივანმა უთხრა გაზეთ „კომერსანტს“, დღეს, 10 ოქტომბრის დილით, რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე განხორციელებული მასობრივი თავდასხმისას, ერთ-ერთი რაკეტა ორგანიზაციის კიევის ოფისის სიახლოვეს აფეთქდა. მას არ დაუზუსტებია, თანამშრომელთაგან დაშავდა თუ არა ვინმე.
"საერთაშორისო წითელი ჯვარი" უკრაინაში ჰუმანიტარულ საქმიანობას ახორციელებს: ის ეხმარება საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებულ სამოქალაქო პირებს, აკონტროლებს ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დაცვასა და მათ დარღვევებს. "წითელი ჯვრის" ერთ-ერთი საქმიანობაა სამხედრო ტყვეთა და დაღუპულთა ცხედრების გაცვლის ორგანიზება.
უკრაინის ეროვნული პოლიციის ინფორმაციით, რუსეთის დღევანდელი თავდასხმების შედეგად დაიღუპა სულ მცირე 10 მოქალაქე და 60-მდე დაიჭრა. ეროვნული პოლიციის სპიკერმა, მარიანა რევამ „ეროვნული ტელემარათონის“ ეთერში განაცხადა, რომ კიევის გარდა, შეტევა განხორციელდა 14 რეგიონზე.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მონაცემებით, კიევის დროით 11:40 საათისთვის ქვეყნის ტერიტორიაზე ნასროლი იყო 83 რაკეტა და მათგან 43-ზე მეტი გაანადგურა უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ.
დღეს დილიდან რუსეთის სამხედრო ძალებმა სხვადასხვა საშუალებით შეუტიეს უკრაინის ქალაქებს ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზე. მათ შორის, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, იერიში მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევზეც.
დღევანდელ ინტენსიურ შეტევას წინ უძღოდა აფეთქება ანექსირებული ყირიმის ხიდზე. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა 8 ოქტომბერს მომხდარი აფეთქების ორგანიზებასა და განხორციელებაში უკრაინის სპეცსამსახურები დაადანაშაულა.