მთავარი ტაძრის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე შენობის ნაწილი დაიწვა გელათის სამონასტრო კომპლექსში. მას მონასტრის წინამძღვრის კელიის დანიშნულება ჰქონდა. შენობას ცეცხლი 10 ოქტომბერს, გამთენიისას გაუჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ცეცხლი სახანძრო-სამაშველო ბრიგადებმა ჩააქრეს. მათი ინფორმაციით, შენობა ნაწილობრივ არის დამწვარი.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენელი თორნიკე ბარათაშვილი, რომელიც სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სამუშაოებს ორი წელია აქტიურად აკვირდება, ამბობს, რომ „მონასტერი ორმაგ უწყებრივ დაქვემდებარებაშია, მასზე პასუხისმგებელია როგორც სახელმწიფო სტრუქტურები, ასევე საპატრიარქო. ფაქტია, მეტი ყურადღება და კონტროლია საჭირო ამ უწყებების მხრიდან“.