Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის არმიის რიგებში მებრძოლი კიდევ ერთი ცხინვალელი დაიღუპა უკრაინაში


საილუსტრაციო ფოტო: განადგურებული რუსული ჯავშანტექნიკა კიევის მახლობლად. 2022 წლის 29 მარტი
საილუსტრაციო ფოტო: განადგურებული რუსული ჯავშანტექნიკა კიევის მახლობლად. 2022 წლის 29 მარტი

37 წლის ცხინვალელი მებრძოლი ალბერტ ჯუსოევი დაიღუპა რუსეთ-უკრაინის ომში. ის რუსეთის არმიის სადაზვერვო ბატალიონში მსახურობდა და ზაპოროჟიეს რაიონში ალყაში მოჰყვა, რა დროსაც მძიმედ დაიჭრა. ჯუსოევი 1 აგვისტოდან დაკარგულად ითვლებოდა. ნათესავები მას სამედიცინო კლინიკებში ეძებდნენ, მაგრამ ცხედარი მხოლოდ ორი კვირის შემდეგ იპოვეს და ამოცნობა დნმ-ის ანალიზით მოხერხდა. ამის შესახებ ოსური მედია იტყობინება. ჯუსოევის ცხედარი უკვე გადაასვენეს ცხინვალში.

დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ალბერტ ჯუსოევი 2018 წლიდან მსახურობდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში, მე-4 სამხედრო ბაზაზე. იგი რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეებიდანვე ჩაერთო ბრძოლაში.

ბოლოს ოკუპირებულ რეგიონში სექტემბერში გადაასვენეს რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული რუსლან ზასეევი, რომელიც სოფელ კვაისას მცხოვრები იყო. იგი ცხინვალის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო-სამხედრო ბაზაზე კონტრაქტით მსახურობდა და იქიდან წავიდა უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად. მანამდე ცნობილი იყო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან ომში დაღუპული 20 მებრძოლის შესახებ.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლები, რომლებიც მე-4 რუსულ სამხედრო ბაზაზე კონტრაქტით მსახურობენ, უკრაინაში ორ ეტაპად გაამგზავრეს. 16 მარტს სოციალური ქსელებით სამხედრო ტექნიკის გადაადგილების კადრებიც გავრცელდა. მოგვიანებით 300 ცხინვალელი ჯარისკაცი უკრაინიდან დაბრუნდა და იქ არსებულ საშინელ პირობებზე ალაპარაკდა. ნათესავებისთვის გაგზავნილ ხმოვან შეტყობინებებში ისინი აცხადებდნენ, რომ აღჭურვილობისა და ნორმალური ტექნიკის გარეშე, პირდაპირ ბრძოლის ველზე გაუშვეს და მათ „საზარბაზნე ხორცად“ იყენებდნენ.

ყველაზე პოპულარული

XS
SM
MD
LG