Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინიცის ოლქში ელექტროსადგურის წინააღმდეგ დრონი-კამიკაძეების იერიში განხორციელდა


უკრაინაში, ვინიცის ოლქში მდებარე ლადიჟინის თბოელექტროსადგურის წინააღმდეგ 11 ოქტომბერს დრონი-კამიკაძეებით განახორციელეს იერიში. ამის შესახებ „ტელეგრამში“ საკუთარ არხზე იტყობინება ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერჰი ბორზოვი.

ასევე იტყობინებიან, რომ ორშაბათს ღამით ხუთი დრონი-კამიკაძე ჩამოაგდეს ნიკოლაევის ოლქის თავზე და კიდევ სამი - ოდესის ოლქის თავზე. 11 ოქტომბერს უკრაინაში სამხედრო განგაში გამოცხადდა. როგორც იტყობინებიან, ვინიცის, ოდესისა და კიევის ოლქებში მუშაობს საჰაერო თავდაცვა.

რუსეთს ადრე არაერთხელ გამოუყენებია დრონი-კამიკაძეები უკრაინის ქალაქებზე თავდასხმისთვის. სექტემბერში რამდენჯერმე იტყობინებოდნენ უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებულ დარტყმებზე ქალაქ ოდესისა და ოდესის ოლქის წინააღმდეგ. აგვისტოს ბოლოს The Washington Post-ი იუწყებოდა, რომ რუსეთმა ირანის დრონი-კამიკაძე Shahed-136-ები მიიღო უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებში გამოსაყენებლად. ირანი და რუსეთი უარყოფენ რუსეთის არმიისთვის დრონების მიწოდებას.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქზე რუსეთის მიერ 10 ოქტომბერს განხორციელებული სარაკეტო შეტევების შედეგად დაიღუპა 19 და დაშავდა 105 ადამიანი.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობითვე, ენერგოობიექტების დაბომბვის გამო, კიევის, ლვოვის, სუმის, ტერნოპოლის და ხმელნიცკის ოლქებში ელექტროენერგიის გარეშეა 301 დასახლებული პუნქტი.

10 ოქტომბერს, რუსეთის სამხედრო ძალებმა სარაკეტო იერიშები მიიტანეს უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, დედაქალაქ კიევზე. ხელისუფლების მონაცემებით, დაზიანდა ინფრასტრუქტურის 70-მდე ობიექტი, მათ შორის, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ენერგოობიექტები და 40-მდე საცხოვრებელი სახლი.

XS
SM
MD
LG