რუსეთში, ბელგოროდის ქალაქ შჩებეკინოზე იერიშის შედეგად ადგილობრივი ქვესადგური დაზიანდა. ელექტროენერგია შეუწყდა ორი ათას ადამიანს, მსხვერპლი არ ყოფილა. ამის შესახებ გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადგკოვი იტყობინება.
მისი სიტყვებით, შჩებეკინოზე დარტყმა განახორციელეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა. გლადკოვმა დასძინა, რომ შემთხვევის ადგილზე მივიდნენ მისი მოადგილე, შჩებეკინოს რაიონის ხელმძღვანელი, საგანგებო ვითარებათა სამინისტროს წარმომადგენლები, პოლიცია და სხვა ოპერატიული სამსახურები.
10 ოქტომბერს, რუსეთის სამხედრო ძალებმა, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, იერიში მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევზე. სარაკეტო იერიშები განხორციელდა უკრაინის სხვა ქალაქებზეც. აფეთქებების შესახებ იუწყებოდნენ ლვოვიდან, დნეპროპეტროვსკიდან, ნიკოლაევიდან, ჟიტომირიდან, ხმელნიცკიდან, კრივოი-როგიდან, ხარკოვიდან და ზაპოროჟიედან. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დარტყმები განხორციელდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათი მთავარი სამიზნეები იყო სამოქალაქო ობიექტები, პირველ რიგში - ენერგეტიკის ობიექტები.
11 ოქტომბერს რუსეთის არმია აგრძელებდა უკრაინის ქალაქების დაბომბვას. იერიში მიიტანეს რამდენიმე ენერგოობიექტზე ლვოვის ოლქში. იერიშის შედეგად იყო შეფერხებები ქალაქ ლვოვის ელექტრომომარაგებაში. დარტყმები განხორციელდა ასევე ივანო-ფრანკოვსკის ოლქში. კრიტიკული ინფრასტრუქტურის კიდევ ერთ ობიექტზე თავდასხმა დაფიქსირდა დნეპროპეტროვსკის ოლქის კამენსკოეს რაიონში. მის შედეგადაც ქსელში დაეცა ძაბვა და რამდენიმე ობიექტის მუშაობის დესტაბილიზაცია მოხდა.
მანამდე იტყობინებოდნენ აფეთქებების შესახებ როვნოსა და ვინიცის ოლქებში.
ვინიცის ოლქში ერთი დღის განმავლობაში მეორედ განხორციელდა იერიში ლადიჟინის თბოელექტროსადგურის წინააღმდეგ. 6 ადამიანი დაიჭრა. საწარმოში აცხადებენ, რომ სადგურზე მეორე დარტყმა განხორციელდა მაშინ, როცა იქ მაშველები მუშაობდნენ.