რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელს, რაფაელ გროსის, სამშაბათს გამართულ შეხვედრაზე უთხრა, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება „შემაშფოთებელია“.
სანქტ-პეტერბურგში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიით გადაიცა, პუტინმა გროსის უთხრა, რომ რუსეთი ღიაა დიალოგისთვის და აეს-თან დაკავშირებულ „ყველა პრობლემაზე“ გამართავს დისკუსიას.
პუტინმა ასევე თქვა, რომ ხდება „გადაჭარბებული, სახიფათო პოლიტიზება“ ყველაფრისა, რაც ბირთვულ სფეროსთან არის დაკავშირებული.
რაფაელ გროსი გასულ კვირაში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა კიევში. მიმდინარე კვირაში დაგეგმილია მათი კიდევ ერთი შეხვედრა.
უკანასკნელი კვირების განმავლობაში გროსი ინტენსიურ კონსულტაციებს ატარებს უკრაინასთან და რუსეთთან, რაც მიზნად ისახავს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო დამცველი ზონის შექმნას.
„ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო უნდა დაწესდეს დამცველი ზონა. დროის დაკარგვის უფლება არ გვაქვს. წყდება ძალზე მნიშვნელოვანი საკითხის ბედი. ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისთვის, რომ ტრაგიკული კონფლიქტის დროს არ მოხდეს ბირთვული ავარია, ვინაიდან ამან შეიძლება უბედურება და ტანჯვა გამოიწვიოს უკრაინაშიც და მის ფარგლებს გარეთაც“, - თქვა გროსიმ.
უკრაინის სამხრეთში მდებარე ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, რომელიც ევროპაში უდიდესია, საგანგებო ყურადღების ცენტრშია უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.
ელექტროსადგური მარტის დამდეგს ჩაიგდეს ხელში რუსეთის ჯარებმა. ის ახლოსაა ფრონტის ხაზთან და მისთვის არაერთხელ დაუშენიათ ცეცხლი. აეს-ი სერიოზულად არ დაზიანებულა, მაგრამ კვლავაც ბადებს ბირთვული კატასტროფის შესაძლებლობის შიშს.
კიევი და მოსკოვი ერთმანეთს ადანაშაულებენ ელექტროსადგურის დაბომბვაში.
გროსი აგვისტოში ხელმძღვანელობდა IAEA-ის მისიას, რომელმაც ელექტროსადგური მონახულა.