Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დარჩა თუ არა რუსეთს რაკეტები?


კიევი, 10 ოქტომბერი, 2022 წელი.
კიევი, 10 ოქტომბერი, 2022 წელი.

10 ოქტომბერს რუსეთმა რამდენიმე საათის განმავლობაში 80 რაკეტა გაისროლა და ეს მაშინ, როცა ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ რუსეთს რაკეტების მარაგი უკვე ეწურება. ამ თემაზე ნასტოიაშჩეე ვრემიასრუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ექსპერტი იური ფედოროვი ესაუბრა.

- ანალიტიკოსები ამბობენ, რომ რუსეთს რაკეტები უთავდება, მაგრამ ისინი მაინც მოფრინავენ. ანუ არის მარაგი?

- ჩვენ ვსაუბრობთ რაკეტებზე ზოგადად, სინამდვილეში, ისინი სრულიად განსხვავებულია. კი, იყო ლაპარაკი, რომ სახმელეთო და საზღვაო რაკეტების - „ისკანდერი“ და „კალიბრი“ - მარაგის ნახევარზე მეტი უკვე დაიხარჯა, მაგრამ ასევე გამოიყენება ფრთოსანი, საჰაერო რაკეტები: Х-22, Х-55, Х-101, Х-555. მე მხოლოდ ოთხი ვარიანტი ვთქვი, შეიძლება მეტიც იყოს. ეს რაკეტები ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში მოიმარაგეს. რუსეთში ისინი შესაძლოა, ასობით ან ათასობით დარჩა.

ფაქტია, რომ ოთხმოცდაათიანებში, ბუდაპეშტის ხელშეკრულების შემდეგ, უკრაინიდან რუსეთს 580 რაკეტა (Х-101) გადაეცა. წარმოგიდგენიათ საბჭოთა კავშირში ასეთი რამდენი რაკეტა იყო? თუ მათ ინსტრუქციის მიხედვით შეინახავ, არაფერი დაემართება და შეიძლება გამოიყენო.

რუსეთს გამარჯვების იმედი აღარ აქვს. ისღა უნდა, რომ მძიმე მარცხი არ იწვნიოს. სიტუაციიდან ერთადერთ გამოსავალს უკრაინის ინფრასტრუქტურის განადგურებაში ხედავს. ვფიქრობ, ამისგან არაფერი გამოვა. უკრაინა იქამდე იბრძოლებს, სანამ რუსეთი არ დანებდება.

- მოდით, ვისაუბროთ, როგორ ისროლეს ეს რაკეტები. კასპიის ზღვის აკვატორიიდან გამოუშვეს, ნიჟნი- ნოვგოროდის მიმდებარე ტერიტორიიდან? რაკეტამ რუსულ ქალაქებს უნდა გადაუფრინოს?

- ფრთოსანი რაკეტები, რომლებსაც გემებიდან ისვრიან, შავი ზღვიდან მოდის. ეს ბევრჯერ ითქვა. საჰაერო რაკეტებს საიდან ისვრი, მნიშვნელობა არა აქვს. ყველაზე მძიმე რუსული ბომბდამშენები (Ту-95) ასტრახანის მიმდებარე ტერიტორიიდან მოფრინავენ. ისინი ძველია, მაგრამ რაკეტის გაშვება შეუძლიათ. რუსეთის გენერლების მთავარი ამოცანა ისაა, თვითმფრინავები უკრაინის ტერიტორიაზე არ აღმოჩნდნენ, სადაც ადვილად ჩამოაგდებენ.

თუ ფრთოსანი რაკეტები ნიჟნი-ნოვგოროდის მიმდებარე ტერიტორიიდან წამოვიდა, ეს ნიშნავს, რომ რუსეთმა დაარღვია და არღვევს შეთანხმებას, რომელიც საშუალო და მცირე რადიუსის რაკეტებთან დაკავშირებით დაიდო. ამერიკელები ამ შეთანხმებიდან სწორედ იმის გამო გამოვიდნენ, რომ რუსეთმა ის დაარღვია, როდესაც იმ არასახმელეთო, ფრთოსანი რაკეტების წარმოება დაიწყო, რომელთა რადიუსი 500 კილომეტრზე მეტია.

- რუსეთის გენშტაბი დარწმუნებულია, რომ ეს რაკეტები გამართულია და რუსული ქალაქების თავზე არ ჩამოცვივდება?

- თუ ჩამოვარდება, გენშტაბი იტყვის, რომ უკრაინამ დაარტყა.

- ანუ არანაირი მორალური წინააღმდეგობა გენერლებს არ აქვთ, რომ საკუთარ მოქალაქეებს დაარტყამენ?

- მათთვის ეს უცხო რამ არის.

- მაინც რატომ გადაწყვიტა პუტინმა მასობრივი დარტყმა მიეყენებინა უკრაინისთვის? მხოლოდ ყირიმის ხიდის გამო?

- ტექნიკური თვალსაზრისით, ასეთი თავდასხმის მოსამზადებლად ორ დღეზე ბევრად მეტი დროა საჭირო. უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს მონაცემებით, ეს თავდასხმა 2-3 ოქტომბრიდან მზადდებოდა, რაც სიმართლესთან ახლოს უნდა იყოს. ხიდის აფეთქება მოსკოვმა თავის გასამართლებლად გამოიყენა.

- ეს ყველაფერი თუ მიუთითებს იმას, რომ რუსეთის სახელისუფლებო ელიტაში ერთგვარი არასტაბილურობაა?

- არა მხოლოდ ეს რაკეტები, არამედ თავად ვითარებაც ამაზე მიუთითებს. რუსეთმა ომი წააგო, ეს ვისი ბრალია? პუტინს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება არ სურს, მიუხედავად იმისა, რომ ომი მან გააჩაღა. ისღა დარჩენია, გენშტაბი დაადანაშაულოს. იქაც, თავის მხრივ, დამნაშავეებს ეძებენ, ოღონდ უფრო დაბალ დონეზე.

წაგებული ომი ნიშნავს, რომ რეჟიმის არსებობა ადრე თუ გვიან კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, ამიტომაც დაიძაბნენ. სურთ კაპიტულაციის მერე ხელისუფლებაში საკუთარი ადგილი იპოვონ. კაპიტულაცია კი რუსეთს მოუწევს, რადგან მთელი ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ ომის საშუალება მას არ აქვს.

XS
SM
MD
LG