თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი კვლავ გამოთქვამს მზადყოფნას, რომ შეასრულოს შუამავლის როლი მოსკოვსა და კიევს შორის და აცხადებს, რომ მიუხედავად არაერთი დაბრკოლებისა, დიპლომატიამ "სამართლიანი მშვიდობით" უკრაინაში მიმდინარე სისხლისმღვრელი ომის დასრულების შანსი უნდა შექმნას.
"ჩვენი მიზანია, სისხლისღვრის რაც შეიძლება სწრაფად დასრულებისათვის ხელშეწყობა და არსებული იმპულსის შენარჩუნება, მიუხედავად ადგილებზე არსებული სირთულეებისა", - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა ყაზახეთში მიმდინარე რეგიონულ სამიტზე, სადაც რამდენიმე საათში იგი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდება.
ორი ქვეყნის ლიდერები ასტანაში მონაწილეობენ საერთაშორისო ფორუმის (CICA) აზიის ურთიერთთანამშრომლობისა და ნდობის ზომების კონფერენციაში.
ნატოს წევრი თურქეთი უკრაინაში მიმდინარე ომის განმავლობაში ინარჩუნებს ნეიტრალიტეტს, თავს იკავებს რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებთან მიერთებისგან და კარგ ურთიერთობაშია როგორც კიევთან, ისე მოსკოვთან.
თურქეთში ორჯერ გაიმართა სამშვიდობო მოლაპარაკება მოსკოვსა და კიევს შორის, ბოლოს ორი ქვეყნის დელეგაციები ერთმანეთს შეხვდნენ მარტში, მაგრამ მას რაიმე შედეგი არ მოუტანია.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 13 ოქტომბერს ევროსაბჭოს საპარლამენტოს ასამბლეის წინაშე სიტყვით გამოსვლისას კვლავ დაადასტურა თავისი პოზიცია, რომ პუტინთან, რომელიც უგულებელყოფს საერთაშორისო სამართალს, ყოველგვარი მოლაპარაკება შეუძლებელია.