Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციის ნაწილი კახა კალაძის გადადგომას მოითხოვს


13 ოქტომბერი. ვაკის პარკი.
13 ოქტომბერი. ვაკის პარკი.

ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმით ბავშვის დაღუპვას ოპოზიციური პარტიები ეხმაურებიან. მათი ნაწილი თბილისის მერის, კახა კალაძის გადადგომას მოითხოვს.

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, თბილისის მერია ათეულობით მილიონ ლარს კორუფციულად ხარჯავს.

„უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა დედაქალაქში, უმძიმესი ამბავი მოხდა. მე მინდა პირველ რიგში, ცხადია, მივუსამძიმრო ამ ოჯახს და ჯანმრთელობა ვუსურვო ბავშვს, რომელიც ახლა იბრძვის, ფაქტობრივად, სიცოცხლისთვის. უბრალოდ, ახლა გაჩუმება უკვე არის დანაშაული, იმიტომ რომ ათეულობით მილიონ ლარს ხარჯავენ კორუფციულად და მხოლოდ ფულისთვის, მომხვეჭელობისთვის, იმიტომ რომ მეტი ფული იშოვონ, არად დაუდევთ ჩვენი შვილების ჯანმრთელობა. უკაცრავად, ორი შვილი მყავს, ისინიც დადიან სკვერებში, თამაშობენ და დღეს უკვე უსაფრთხო აღარ არის აბსოლუტურად არაფერი - ჯერ ჭერი ჩამოვარდა ვარკეთილის მეტროში და ღმერთით, გადარჩნენ ადამიანები, მერე გაჩერება ლამის დაეცა მოქალაქეებს ვაკეში, ახლა ვხედავთ, რომ სათამაშოდ წასული ბავშვი აბსოლუტურად მშვიდობიან, წყნარ გარემოში, თურმე შესაძლოა, იყოს საშიში, შეიძლება, ეს კატასტროფულად დასრულდეს. ამასობაში, მერმა გახსნა სკვერი და თქვა, „იცით რა, კომპანია...“ კომპანია კი არა, ესენი არიან სისხლის სამართლის დამნაშავეები. ესენი არიან მკვლელები და ქურდები. სანამ ამ ნაძირალებს არ დავარქმევთ სახელს, არაფერი არ გვეშველება. ყველა დღე არის სახიფათო ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის. ეს ადამიანები კი გამოდიან და კომპანიას აბრალებენ. კომპანია კი არა, თითოეული ადამიანი მერიიდან, ვინც არის დაქირავებული და პასუხისმგებელია ამაზე, ნება იბოძოს და ყველა იყოს დასჯილი. მათ შორის, აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. წარმოუდგენელია, ეს შეიძლება თითოეული ჩვენგანის ოჯახში დატრიალებულიყო, რა უბედურებაც ამ ბავშვის ოჯახშია, - თქვა ხაბეიშვილმა და დაამატა, - კატეგორიულად მოვითხოვ, სასწრაფოდ, მერმა აიღოს პასუხისმგებლობა".

პოლიტიკოსის განცხადებით, დაუყოვნებლივ სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცეს ყველა, ვინც ეს სამუშაო შეასრულა, ჩაიბარა, ხელი მოაწერა და გახსნა - „ეს არის მთავარი და ერთადერთი მოთხოვნა".

თბილისის საკრებულოს და პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის" წევრი ცოტნე კობერიძე მიიჩნევს, რომ თბილისის მერმა თანამდებობა უნდა დატოვოს, თუმცა მას არ სჯერა, რომ კალაძე ამ გადაწყვეტილებას მიიღებს.

„ამ საკითხზე ქულების დაწერა არ მინდა და შესაბამისად, ამაზე კომენტარის გაკეთებისას ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საქმე გამოძიებული უნდა იყოს. უნდა დაისაჯონ პასუხისმგებელი ადამიანები. ზოგადად, მერიასთან მიმართებაში მთავარი პრობლემა ის არის, რომ მსგავსი ტიპის კონტრაქტორები იქნებიან თუ ისინი, ვისაც საქმე აბარია, არ არიან პროფესიონალები. ზოგადად, საზოგადოება და ყველა უნდა დავფიქრდეთ, რომ ჩვენს საქმეში, რასაც ვაკეთებთ, არ ვართ პროფესიონალები", - თქვა კობერიძემ.

საკრებულოს წევრის განცხადებით, როდესაც მერი კარგ რაღაცებზე იღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, არჩევნების წინ პარკებით ამაყობს, „ამას ქულებსა და ხმებში გადათარგმნი, შენი პასუხისმგებლობის ნაწილი უნდა იყოს, როდესაც იქ რაღაც ცუდი მოხდება". კობერიძე აღნიშნავს, რომ გადადგომა არის ასეთი პოლიტიკური პასუხისმგებლობა. „ზოგადად, ადამიანები დასავლურ კულტურაში, დასავლური ყაიდის ქვეყნებში, ბევრად უფრო მარტივი „კეისების“ გამო ტოვებენ სამსახურს", - აღნიშნა მან. კობერიძის თქმით, არ სჯერა, რომ კალაძე გადადგება.

„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, გიგი წერეთლის განცხადებით, არავის უნდა დაავიწყდეს, რომ ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევას კონკრეტული პასუხისმგებელი პირები ჰყავს.

„უმძიმესი ფაქტია, სიტყვებითაც ძალიან ძნელად გამოსახატი ის სიმძიმე მთელი ამ მოვლენის, რაც ჩვენ წეღან ვნახეთ, ცოტა ხნის წინ. უაღრესად სამწუხაროა, რომ ასეთი რამე შეიძლება მოხდეს. ვერ ვიტყვი, რომ ეს შეიძლება იყოს შემთხვევითობა, ეს არის რაღაცის შედეგი და მაშინ, როდესაც ჩვენ ვუსამძიმრებთ ოჯახს და ყველა იმ ადამიანს, ვინც დარწმუნებული ვარ, გულით განიცდის ამ ფაქტს, ამავე დროს არავის არ უნდა დაავიწყდეს, რომ ამას კონკრეტული პასუხისმგებლები ჰყავს", - ამბობს წერეთელი. მისი განცხადებით, „როცა მილიონები იხარჯება ბიუჯეტიდან, პომპეზურად იხსნება ეს ყველაფერი და მეორე დღეს ეს უბედურება ხდება, სწორედ ამიტომ არის საჭირო პოლიტიკურ და პერსონალურ პასუხისმგებლობაზე საუბარი, იმიტომ რომ მომავალში ასეთი უბედურება არ მოხდეს და არავის აღარ შეეხოს ასეთი მძიმე მოვლენა, როგორიც დღეს ჩვენ ვიხილეთ".

თბილისის მერის დაუყოვნებლივ გადადგომას მოითხოვს „სტრატეგია აღმაშენებელი".

„უდიდესი ტრაგედია მოხდა დღეს. 13 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა ქალაქში არსებულ კორუფციას, უსისტემობას, არაკომპეტენტურობას და ქაოსს. წლობით გაწელილი საგზაო-სარემონტო სამუშაოები, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, მოუწესრიგებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საცობები, პარკინგის პრობლემები, ქაოტური მშენებლობა - ყველაფერი ეს არის მერი კალაძის და მისი გუნდის არაკომპეტენტურობის და კორუფციაში ჩართულობის შედეგი.

მომხდარ ტრაგედიაზე ყველანაირი პასუხისმგებლობა - პოლიტიკური, ადამიანური, მორალური, იურიდიული ეკისრება მერიას და პირადად კახა კალაძეს. რადგან ქალაქის მერიაა, როგორც სამუშაოების დამკვეთი, ასევე ის ორგანო, რომელმაც ჩაიბარა ობიექტი და პასუხისმგებელია შადრევნის გამართულ მუშაობაზე, ისევე როგორც რეკრეაციულ სივრცეებში მოქალაქეების უსაფრთხოებაზე.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ მოვითხოვთ მერი კალაძისგან, რომ არ გაექცეს პასუხისმგებლობას და დაუყოვნებლივ გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან!” - ვკითხულობთ პარტიის განცხადებაში.

„რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე, დეპუტატი ხათუნა სამნიძე მოითხოვს კახა კალაძის გადადგომას. „გადადგეს! უნდა გადადგეს!" - წერს „ფეისბუკის" პირად გვერდზე სამნიძე.

13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმით დაშავებული ერთი მოზარდი გარდაიცვალა, ერთის მდგომარეობა კი მძიმეა. კონტაქტურია მესამე ბავშვი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით (უსაფრთხოების წესების დარღვევა).

მერია ვაკის პარკის განახლების სამუშაოებს ატარებს. სამუშაოები მერმა კახა კალაძემ გუშინ დაათვალიერა - მერია აცხადებდა, რომ "ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დაასრულა".

XS
SM
MD
LG