Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში გამოძიება დაიწყო ყირიმის ხიდის აფეთქებასთან დაკავშირებით


სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ხიდის აფეთქებასთან დაკავშირებით. რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახური და რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ადრე აცხადებდნენ, რომ სატვირთო მანქანა ასაფეთქებელი ნივთიერებით სომხეთში უცხოეთიდან შევიდა და იქიდან საქართველოს გავლით რუსეთში გაემგზავრა.

სომხეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქმე აღიძრა საერთაშორისო ტერორიზმში დახმარების, ასევე წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ ევრაზიის ეკონომიკური საზოგადოების საზღვარზე ასაფეთქებელი ნივთიერებების კონტრაბანდისა და დოკუმენტების გაყალბების სავარაუდო ფაქტებზე.

რუსეთის უშიშროების თანახმად, "ბულგარეთიდან საქართველოში, ფოთის პორტში, შემდეგ კი, სომხეთში ტვირთის გადაგზავნის ორგანიზებაში ჩართული იყვნენ უკრაინის მოქალაქეები, 1975 წელს დაბადებული მიხაილ ცურკალო, 1979 წელს დაბადებული დენის კოვაჩი, 1971 წელს დაბადებული რომან სოლომკო, საქართველოს მოქალაქეები სანდრო ინოსარიძე და ბროკერი, სახელად ლევანი და სომხეთის მოქალაქე, 1985 წელს დაბადებული არტურ ტერჩანიანი".

სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტი ადასტურებს, რომ სექტემბრის ბოლოს არტურ ტერჩანიანის მიერ მართული სატვირთო მანქანა ბულგარეთიდან საქართველოს ტერიტორიის გავლით სომხეთში შევიდა, თუმცა ტვირთის რენტგენოლოგიური გამოკვლევის შედეგად, რისკის შემცველი ფაქტორები არ გამოვლენილა.

რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ აშენებულ ხიდზე აფეთქება 8 ოქტომბერს მოხდა. ოფიციალური ინფორმაციით, დანაღმული სატვირთო ავტომანქანის აფეთქებამ გამოიწვია ხიდის საავტომობილო გზის ორი ნაწილის ჩამონგრევა და ხანძარი საწვავით დატვირთულ ცისტერნებში, რომლებიც ხიდის სარკინიგზო ნაწილზე მოძრაობდნენ. რუსეთს დადასტურებული აქვს 3 ადამიანის სიკვდილი. საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე ტერორიზმის მუხლით აღძრა.

XS
SM
MD
LG