Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში აფეთქებები მოხდა. რუსეთის მხარე უკრაინას ადანაშაულებს


ხუთშაბათ საღამოს უკრაინის საზღვარზე მდებარე კურსკის რეგიონში ელექტრო ქვესადგურში აფეთქება მოხდა. ინციდენტის შედეგად უშუქოდ დარჩნენ სოფლები ტეტკინო და პოპოვო-ლეჟაჩი. ამის შესახებ რეგიონის ხელმძღვანელმა რომან სტაროვოიტმა განაცხადა.

გუბერნატორის თქმით, აფეთქების მიზეზი უკრაინის მხრიდან განხორციელებული დაბომბვა გახდა. სულ ტეტკინოსა და პოპოვო-ლეჟაჩიში 15 ჭურვის დაცემა დაფიქსირდა. ადგილობრივ მოსახლეობას შორის მსხვერპლი არ არის. სტაროვოიტისვე თქმით, ხუთშაბათს ჭურვი ჩავარდა სოფელ გუევოში მდებარე კულტურის სახლის წინ, რომელსაც მინები ჩაემსხვრა. მსხვერპლი არც იქ ყოფილა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან კურსკის რეგიონში ტერორისტული საფრთხის ე.წ. ყვითელი რეჟიმი მოქმედებს, რადგან რეგიონის სასაზღვრო ტერიტორიები არაერთხელ დაიბომბა.

ხუთშაბათს საღამოს ასევე გავრცელდა ინფორმაცია უკრაინის მოსაზღვრე სხვა ქალაქში - ბელგოროდში - მომხდარი აფეთქებების შესახებ. სოციალურ ქსელებში თვითმხილველები ამბობენ, რომ, დიდი ალბათობით, ხანძარი შაქრის ქარხანას გაუჩნდა. ხანძრამდე მოსახლეობამ ხმამაღალი აფეთქებების მსგავსი ხმები მოისმინა.

როგორც "მედუზა" იუწყება, ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა ასევე გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს და ააფეთქეს რეგიონში მდებარე საბრძოლო მასალის საცავი, რომელსაც ცეცხლი უკიდია. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის.

უკრაინული მედია ასევე ავრცელებს ბელგოროდში მდებარე საწყობში აფეთქებების შესახებ ცნობებს, მაგრამ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სტრატკომი აცხადებს, რომ აფეთქება ჭურვების დეტონაციამ გამოიწვია.

XS
SM
MD
LG