Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყნის დამცველებს მიმართა


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა უკრაინის დამცველთა დღის გამო, რომელიც 14 ოქტომბერს აღინიშნება. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა უკრაინელ მეომრებს, დიპლომატებს, მოხალისეებს, ჟურნალისტებს, ექიმებს, მაშველებს, მშენებლებს, ენერგეტიკოსებს, ფერმერებს, მეწარმეებს და მთელ ხალხს - ყველას, ვინც სხვადასხვა საშუალებით უწევს წინააღმდეგობას რუსეთს.

პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა საფრთხის წინაშე იდგა, მაგრამ გაუძლო სწორედ ქვეყნის დამცველი კაცების და ქალების წყალობით და გაიმარჯვებს დღევანდელ მტერზეც, რაც მთელი უკრაინელი ხალხის გამარჯვება იქნება.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინას ახსოვს ყველა გმირი, რომლებიც დღეს ტყვეობაში არიან და ყველაფერს აკეთებს მათ დასაბრუნებლად.

უკრაინის პრეზიდენტმა საგანგებოდ მიმართა ქვეყნის დამცველ მეომრებს, რომლებიც უშუალოდ ფრონტის ხაზზე იმყოფებიან და რომლებზეც ქვეყნის მომავალია დამოკიდებული, რომ ყველაფერს გააკეთებენ მათ კიდევ უფრო გასაძლიერებლად და მათი ძალისხმევით მოახლოებული გამარჯვების დასაჩქარებლად.

უკრაინის დამცველთა დღე შეიარაღებული ძალების სამხედროებს მიულოცა მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ. მისი განცხადებით, 2022 წლის ზამთარი უკვე მსოფლიო ისტორიის ნაწილია, მტრის ძლიერ დარტყმას გაუძლეს და აჩვენეს, რას ნიშნავს იყო უკრაინელი და გქონდეს თავისუფლებისთვის ბრძოლის გამბედაობა. როგორც გენერალი ზალუჟნი ამბობს, დღეს საკუთარ მიწას იბრუნებენ და მათ ვერავინ შეაჩერებს.

რუსეთი უკრაინას თავს დაესხა 233 დღის წინ, 2022 წლის 24 თებერვალს. უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრიდან 7 თვის შემდეგ, 2022 წლის 21 სექტემბერს, პრეზიდენტი პუტინი იძულებული გახდა, რეგულარული ჯარის დასახმარებლად გამოეცხადებინა "ნაწილობრივი მობილიზაცია".

რუსეთი სრულ კონტროლს დღემდე ვერ ახერხებს უკრაინის იმ რეგიონებზეც კი - დონეცკზე, ლუგანსკზე, ხერსონსა და ზაპოროჟიეზე - რომლებიც ანექსირებულად გამოაცხადა 2022 წლის 30 სექტემბერს.

XS
SM
MD
LG