Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე 9 პირია დაკავებული - რა არ უნდა გამოგრჩეს 19 ოქტომბერს


კომპანია „გრინსერვის +“-ის თანამშრომლების ადვოკატი ბრალდებას აბსურდულად მიიჩნევს

ვაკის პარკის შადრევანში ბავშვებისთვის დენის დარტყმის საქმეზე, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, 18 ოქტომბერს 9 ადამიანი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრეს დაკავებულთა ბრალეულობაზე. გამოძიების ინფორმაციით, მერიის მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებისას, ვაკის პარკში ადგილი ჰქონდა სამსახურებრივ გულგრილობას და დოკუმენტების გაყალბებას.

დაკავებულები არიან: თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე, მერიის კონტრაქტორი კომპანია "გრინსერვის+-ის" დირექტორი და ამავე კომპანიის ორი თანამშრომელი. ასევე დააკავეს "გრინსერვის+-ის" კონტრაქტორი კომპანია შპს „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელი და კიდევ ერთი კონტრაქტორის, საექსპერტო კომპანია "მშენ-ექსპერტის" დირექტორი და თანამშრომელი. პოლიციამ დააკავა ორი შემდუღებელიც, რომლებიც ჩართული იყვნენ სარეაბილიტაციო სამუშაოებში.

გუშინ საღამოს დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს „გრინსერვის +"-ის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე, ასევე, თანამშრომლები - დევი კახოიძე და ბექა მირღვლიანი.

იზოლატორში გადაყვანამდე, მათ ადვოკატი მამუკა ბლიაძე შეხვდა. ის ბრალდებას აბსურდულად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არის.

"გრინსერვის +", სახელმწიფო უწყებების ერთ-ერთი მსხვილი კონტრაქტორი იყო. ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების გარდა, მისი შესრულებულია პარლამენტის წინ მოედნის განახლების სამუშაოები, მელიქიშვილის ქუჩის დემონტაჟი რეაბილიტაციამდე და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები.

წაიკითხე მეტი.

რა უჯდება უკრაინას ირანული დრონების წინააღმდეგ ბრძოლა?

ოქტომბერში უკრაინის ცაზე რუსეთის კამიკაძე დრონები გამოჩნდნენ, რომელიც რუსეთმა ირანისგან იყიდა და ახლა უკრაინის არმიის თავსატეხად იქცა. დრონები სამოქალაქო ობიექტებს ურტყამენ და მისი განადგურებისთვის უკრაინას საკმაოდ ძვირად ღირებული რაკეტების გამოყენება უხდება.

ირანული წარმოების ერთჯერადი გამოყენების, Shahed-136 (შაჰიდ-136) 20 ათასი დოლარი ღირს და ის ბევრად იაფია რაკეტებთან შედარებით.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი ამბობს, რომ ირანულმა დრონებმა „ძალიან სწრაფად დაიწყეს უკრაინის სარაკეტო მარაგის გახარჯვა“ და მართალია, „რაკეტები ხვალ არ დამთავრდება“, მაგრამ „დრონებისთვის რაკეტების სროლა სისულელეა“.

ირანული დრონების გამო უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ გუშინ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განსახილველად წარუდგინა წინადადება ირანთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის თაობაზე.

იოლი იქნება თუ არა კამიკაძე დრონების მოგერიება და ვინ უნდა შეაჩეროს ირანი? წაიკითხე ვრცლად ლელა კუნჭულიას სტატიაში.

გაერო: რუსეთის ჯარებმა ომის დასაწყისში უკრაინის ოთხ რეგიონში ჩაიდინეს დანაშაულების დიდი უმრავლესობა

გაეროს ანგარიშში, რომელიც 18 ოქტომბერს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ რუსეთის ჯარები პასუხისმგებელი არიან უკრაინის ოთხ რეგიონში ომის პირველი კვირების განმავლობაში ადამიანის უფლებების დარღვევათა „დიდი უმრავლესობისთვის“, მათ შორის, სამხედრო დანაშაულებისთვის.

უკრაინის საკითხების დამოუკიდებელმა საერთაშორისო საგამოძიებო კომისიამ აღწერა მოვლენები კიევის, ჩერნიგოვის, ხარკოვისა და სუმის ოლქებში 2022 წლის თებერვლის ბოლოსა და მარტის დასაწყისში.

კომისიამ დაადგინა, რომ რუსეთის ჯარები განურჩევლად ბომბავდნენ ტერიტორიებს, რომელთა დაკავებასაც ცდილობდნენ და თავს ესხმოდნენ სამოქალაქო პირებს, რომლებიც გაქცევას ცდილობდნენ.

წაიკითხე მეტი.

ესტონეთის პარლამენტმა რუსეთი „ტერორიზმის ხელშემწყობ სახელმწიფოდ“ ცნო

ესტონეთის პარლამენტმა რუსეთი „ტერორიზმის ხელშემწყობ სახელმწიფოდ“ ცნო. სამშაბათს გამართულ კენჭისყრაში შესაბამის რეზოლუციას მხარი დაუჭირა ერთპალატიანი პარლამენტის 88-მა დეპუტატმა. წინააღმდეგ ხმა არავის მიუცია, თავი არავის შეუკავებია.

დოკუმენტში ნათქვამია უპირობო გაკიცხვაზე როგორც თავად უკრაინაზე თავდასხმის ფაქტისა, ასევე მისი საკვანძო მოვლენებისა - სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმების, მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვისა და ტერიტორიების ანექსიისა სეპარატისტულ რესპუბლიკებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების ჩატარების შემდეგ. დოკუმენტი შეიცავს ასევე მოთხოვნას, რუსეთი გაირიცხოს გაეროს უშიშროების საბჭოდან.

„პუტინის რეჟიმმა, რომელიც ბირთვული იარაღით იმუქრება, რუსეთი აქცია ყველაზე დიდ საფრთხედ როგორც ევროპაში, ისე მთელ მსოფლიოში“, - ნათქვამია რეზოლუციაში. მასში ასევე ლაპარაკია იმაზე, რომ აუცილებელია „ერთობლივად წინააღმდეგობა“. დოკუმენტი შეიცავს საერთაშორისო თანამეგობრობისადმი მოწოდებას, მიიღონ ანალოგიური დეკლარაციები.

წაიკითხე მეტი.

"ეს ბლეფი არ არის" - რუსეთშიც და ევროპაშიც ბომბსაფრებს ამზადებენ

გამოიყენებს თუ არა რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ბირთვულ იარაღს? ამ კითხვის ირგვლივ გაურკვევლობაა ყველგან, სადაც შეიძლება ასეთი იარაღის ზიანმა მიაღწიოს.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით რუსეთიდან, იქ უკვე დაწყებულია ბომბსაფარი სივრცეების ოპტიმიზაცია.

მოსკოვში ადგილობრივი ხელისუფლება ცივი ომის დროინდელ ბომბსაფრებს ამოწმებს და ამზადებს ახლებს. ამის შესახებ წერს ოპოზიციური გამოცემა “ვაჟნიე ისტორიი”. მოსკოვის რამდენიმე უბანში მოსახლეობას სთხოვეს, 18 ოქტომბრამდე დაეცალათ მიწისქვეშა პარკირებები, რადგანაც იქ უნდა შეიტანონ საწოლები, გამათბობლები და წამლები.

რა ხდება სხვა ქვეყნებში? გერმანიაში, მიწისქვეშა ავტოსადგომების მომზადებისა და საჰაერო განგაშის სისტემების დამონტაჟების ბრძანება ხელისუფლებამ აპრილში გასცა.

წინა კვირას, ბრიტანეთის დაზვერვის მეთაურმა, ჯერემი ფლემინგმა თქვა, რომ ამჟამად რუსეთს ბირთვული რაკეტები არ გაუმზადებია და თუ დააპირებენ, სპეცსამსახურები ამას აუცილებლად შეიტყობენ. საფრანგეთის და სხვა ქვეყნების ლიდერებმაც აღნიშნეს, რომ ამას აუცილებლად მოჰყვება სამხედრო პასუხი.

წაიკითხე მეტი სანდრო გვინდაძის სტატიაში.

„ფიქრი წარსულსა და მომავალზე“ - ასე ჰქვია ედუარდ შევარდნაძის მოგონებების წიგნს, რომლის შესავალში აღნიშნავს, წიგნის წერას რომ შევუდექი, ჩემს შვილს, პაატას ვთხოვე გვერდით დამდგომოდაო. ასე რომ, „შვილის“ ახალი ეპიზოდის გმირი, პაატა შევარდნაძე გარკვეული თვალსაზრისით ყოფილი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის, საქართველოს მეორე პრეზიდენტის წიგნის თანაავტორიცაა.

რადიო თავისუფლება დიპლომატს, „იუნესკოს“ მისიის ყოფილ ხელმძღვანელს, ბრიტანული და ამერიკული ლიტერატურის სპეციალისტს პაატა შევარდნაძეს კრწანისის ყოფილ რეზიდენციაში შეხვდა - იქ, სადაც დაკრძალულია ედუარდ შევარდნაძე, სადაც ყოფილმა პრეზიდენტმა სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG