Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებას შეუფარდებენ - რა არ უნდა გამოგრჩეს 20 ოქტომბერს


ვის და რის გამო იქცა ვაკის პარკის შადრევანი დანაშაულის ადგილად?

პროკურატურამ უკვე წაუყენა ბრალი ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებულებს. დღეს მათი პირველი სასამართლო გაიმართება. პროკურატურა ცხრავე პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.

რამ შეიწირა 13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში 13 წლის გოგოს სიცოცხლე? პროკურატურამ ასეთი ვერსია გაასაჯაროვა: 2022 წლის 22 სექტემბერს ელექტროშემდუღებლებმა სამუშაოს წარმოების დროს დაარღვიეს უსაფრთხოების ნორმები, კერძოდ: წყლის მილებზე, უჟანგავი ლითონის კონსტრუქციის მორგების მიზნით, მოხსნეს ელექტროძრავის შესაფუთი ლითონის ცხაური, რომლის კვლავ დამაგრებისას, ბეტონის ზედაპირსა და ცხაურს შორის მოაყოლეს ელექტროსადენი, რის შედეგადაც დაზიანდა სადენის იზოლაცია".

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა, ერთი მხრივ, სამსახურებრივი გულგრილობა ჩაიდინეს, მეორე მხრივ კი, დოკუმენტები გააყალბეს.

წაიკითხე მეტი ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

ევროპარლამენტმა სახაროვის პრემია უკრაინელ ხალხს მიანიჭა

ევროპის პარლამენტმა სახაროვის პრემიის წლევანდელ გამარჯვებულად უკრაინელი ხალხი ცნო.

ევროპარლამენტის თავმჯდომარემ, რობერტა მეცოლამ 19 ოქტომბერს სტრასბურგში, ევროპის პარლამენტში გამოსვლისას გამოაცხადა გამარჯვებული: „მაქვს პატივი გამოვაცხადო, რომ 2022 წლის სახაროვის პრემია "აზროვნების თავისუფლებისთვის" მიენიჭა მამაც უკრაინელ ხალხს, რომელსაც წარმოადგენენ პრეზიდენტი, არჩეული ლიდერები და სამოქალაქო საზოგადოება“.

სახაროვის პრემია ევროპის კავშირის მთავარი ჯილდოა ადამიანის უფლებების სფეროში. დეპუტატები აღნიშნავდნენ უკრაინელთა სიმამაცეს რუსეთის აგრესიის წინაშე და ევროპული ღირებულებების მიმართ მათ ერთგულებას.

წაიკითხე მეტი.

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ქართული პასპორტი სასურველი ხდება

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა საქართველოს პასპორტებით ინტერესდება. ამის მიზეზია უკრაინის ომის დაწყება, მობილიზაციის გამოცხადება და ევროკავშირის უკანასკნელი გადაწყვეტილება, რომელმაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის რუსული პასპორტები ძალადაკარგულად გამოაცხადა.

ქართული პასპორტის აღებითაც ინტერესდებიან ახალგაზრდები.

„დღეს აფხაზეთში ამბობენ, თუ გვაიძულებენ ომში წასვლას, რუსეთის მოქალაქეობაზე უარს ვიტყვითო, ამ შემთხვევაში მათ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის მიღებაღა რჩებათ და ჩვენ ამისთვისაც მზად უნდა ვიყოთ“, - ამბობს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია. ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველთა ზუსტი სტატისტიკა მას არ აქვს, მაგრამ ამბობს, რომ ასეთი მოთხოვნები გახშირდა

წაიკითხე მეტი თეა თოფურიას სტატიაში.

პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენენ

დღეს, 20 ოქტომბერს პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს ელოდებიან. მას მინისტრის საათის ფარგლებში მოუსმენენ.

მინისტრი გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარადგენს, რის შემდეგაც პარლამენტის წევრების კითხვებს უპასუხებს. გაიმართება დებატები.

“მინისტრის საათი“ მთავრობის წევრის მიერ წელიწადში ერთხელ პლენარულ სხდომაზე მისვლას და სამთავრობო პროგრამის შესაბამისი მიმართულების შესრულების შესახებ მოხსენებით გამოსვლას გულისხმობს.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების გვერდზე.

ევროპის კავშირი ირანს სანქციებს დაუწესებს რუსეთისთვის მოიერიშე დრონების მიწოდების გამო

ევროპის კავშირი ირანს სანქციებს დაუწესებს რუსეთისთვის მოიერიშე დრონების მიწოდებისთვის, რომლებსაც რუსეთის არმია უკრაინის ქალაქების წინააღმდეგ შეტევებში იყენებს.

ევროკავშირის წარმომადგენლებმა ოთხშაბათს მიაღწიეს ამის შესახებ შეთანხმებას. ფორმალურად სანქციები უნდა მოიწონონ ევროკავშირის სამიტზე, რომელიც ხუთშაბათს იწყება ბრიუსელში.

Reuters-ის ინფორმაციით, სანქციების სიაში მოხვდება ირანის სამი გენერალი, მათ შორის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ბრიგადის გენერალი საიდ აღაჯანი, რომელსაც ადრე სანქციები დაუწესა აშშ-მა. როგორც იტყობინებიან, ის პასუხისმგებელია ირანის უპილოტო საბრძოლო ავიაციის განვითარებისთვის. ასევე სანქციები დაუწესდა დრონების მწარმოებელ კორპორაციას "Shahed Aviation Industries".

წაიკითხე მეტი.

ისრაელის თავდაცვის მინისტრის თქმით, მისი ქვეყანა უკრაინას არ მიაწვდის იარაღს

ისრაელი უკრაინას არ მიაწვდის შეიარაღებას, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებს. ამის შესახებ 19 ოქტომბერს განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა. გუშინ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ თქვა, რომ კიევი ისრაელს ოფიციალურ მოთხოვნას გაუგზავნის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებაზე.

კულებამ აღნიშნა, რომ ისრაელისადმი მტრულად განწყობილი ირანი რუსეთს აწვდის მოიერიშე დრონებს და გამოთქვა ვარაუდი, რომ „დადგა დრო, ისრაელი ღიად დადგეს უკრაინის მხარეს“.

როგორც განცმა განაცხადა ევროკავშირის ქვეყნების ელჩებთან შეხვედრაზე, ისრაელი „სხვადასხვა ოპერატიული მოსაზრების გამო“ არ მიაწვდის უკრაინას იარაღს. ამავე დროს მან აღნიშნა, რომ ისრაელმა კიევს შესთავაზა შექმნას საჰაერო იერიშების ადრეული შეტყობინების სისტემა - იმის ანალოგიური, რასაც თავად ისრაელი იყენებს. ამ სისტემის წყალობით, როგორც წესი, ღაზის სექტორიდან სარაკეტო იერიშებისას ხალხი ასწრებს საფრებში თავის შეფარებას.

წაიკითხე მეტი.

ჩაკეტილი კარი: როგორ უზღუდავს ევროპა რუსებს მოგზაურობას

რუსი ტურისტებისთვის შენგენის ზონაში მოგზაურობა გართულებული და გაძვირებულია. აღმოსავლეთ ევროპის, ბალტიის და ჩრდილოეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყნის სურვილი იყო რუსეთის მოქალაქეთათვის მთლიანად აეკრძალათ ევროპაში მოგზაურობა.

ახლანდელი ვითარების გათვალისწინებით, აცხადებდნენ ისინი, რუს ტურისტებს არ უნდა დაერთოთ ევროპაში ჩასვლის ნება. მაგრამ ევროკავშირი იმ მომენტისთვის სრული აკრძალვის შესახებ შეთანხმებისთვის მეტისმეტად გახლეჩილი იყო.

რამდენს მოგზაურობენ რუსები?

„ლევადა-ცენტრის“ მონაცემებით, რიცხვი რუსეთის იმ მოქალაქეებისა, რომლებიც უცხოეთში მიემგზავრებიან, ბოლო ათწლეულებში მუდმივად იზრდება.

1996 წელს გამოკითხულთა 16%-მა თქვა, რომ უცხოეთში ნამყოფი იყო. ეს მაჩვენებელი 2022 წელს 41% გახდა. ყველაზე დიდი მაჩვენებელი ჰქონდათ მოსკოველებს (62%), ხოლო 500 ათასზე მეტი მოსახლეობის მქონე ქალაქების მკვიდრთა 45%-ია ნამყოფი საზღვარგარეთ.

წაიკითხე და ნახე მეტი აქ.

თითქმის ორი წლის შემდეგ, დასასრულს უახლოვდება ცნობილი ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი ყოფილი მეუღლის, ფოტომოდელ ნელი (ნეკა) დოროყაშვილის სასამართლო პროცესი - განაჩენი უახლოეს დღეებშიც შეიძლება გამოცხადდეს.

ნიკოლოზ ბასილაშვილს, თავისი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობა ბრალდებოდა, თუმცა ძიების პროცესში პროკურატურამ ცნობილი ჩოგბურთელის მიმართ ბრალდება დააზუსტა და ახლა მას ფიზიკურ ძალადობასთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.

ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც პოლიციამ 2020 წლის 22 მაისს დააკავა, ხოლო 24 მაისს სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიებად 100-ათასლარიანი გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა, თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

მედიისთვის ვრცელი ინტერვიუ მას ჯერ არ მიუცია - თქვა, რომ სასამართლო პროცესების დასრულებამდე საჯაროდ არ ილაპარაკებს.

ნელი (ნეკა) დოროყაშვილმა სასამართლოზე ჩვენების მიცემის შემდეგ, მედიასთან დუმილი დაარღვია და ნიკოლოზ ბასილაშვილთან თანაცხოვრების დეტალებზე ილაპარაკა - რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუშიც ის ჰყვება ძალადობაზე, რომელსაც წლების განმავლობაში ითმენდა.

გვიყვება ამ თმენის მიზეზებზე, შიშზე, რომლის გამოც იყო ჩუმად, სირცხვილზე, რომელსაც განიცდიდა. იმაზე, ბოლოს რამ გადააწყვეტინა სასამართლოში ჩივილი და რა გახდა მისთვის ამ დავის დაწყების მთავარი ბიძგი, რა სირთულეების გავლა მოუწია და გადის დღესაც და რად უღირს, როგორც თავად ამბობს, სიმართლის დამტკიცება საზოგადოებისთვის.

ადვოკატების მეშვეობით, ჩვენ ნიკოლოზ ბასილაშვილსაც ვთხოვეთ დაგროვილ შეკითხვებზე პასუხების გაცემის მიზნით ინტერვიუ, თუმცა ჯერ მისგან დასტური არ მიგვიღია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG