Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ახალგორთან დამაკავშირებელი გზა ათი დღით გაიხსნა


20-იდან 30 ოქტომბრამდე გახსნილი იქნება ოკუპირებულ ახალგორთან დამაკავშირებელი გზა და იქ მცხოვრები მოქალაქეები შეძლებენ გადაადგილებას, როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით.

გადაწყვეტილება ჩაკეტილი ე.წ. გამშვები პუნქტების შესახებ დე ფაქტო ხელისუფლებამ მიმდინარე წლის 18 აგვისტოს მიიღო. გამარტივებული პროცედურით ისარგებლებს ახალგორისა და ჯავის რეგიონის მოსახლეობა - ისინი ყოველი თვის 20-დან 30 რიცხვის ჩათვლით შეძლებენ გადაადგილებას. საუბარია ე.წ. გამშვებ პუნქტებზე „რაზდახანი" (ოძისი/მოსაბრუნი) და „პერეუ" (პერევი). მიმდინარე წლის 31 ნოემბრამდე მოქალაქეებს გადაადგილება „ვადაგასული საშვებითაც" შეუძლიათ.

ოკუპირებული დაბის მოსახლეობა ამ ათ დღეს წეროვანში მცხოვრები ნათესავების მოსანახულებლად, ექიმთან ვიზიტისთვის, პენსიის მისაღებად, პროდუქტების შესაძენად და სხვა საჭიროებებისთვის იყენებს ხოლმე.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა ე.წ. პრეზიდენტმა „რაზდახანის" (ოძისი/მოსაბრუნის) ე.წ. გამშვები პუნქტი 2019 წლის სექტემბერში ჩაკეტა და ახალგორის მოსახლეობა იზოლაციაში მოაქცია. მას შემდეგ გზა სულ რამდენჯერმე, განსაკუთრებული შემთხვევების გამო გაიხსნა. ანატოლი ბიბილოვი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში განთავსებული საპოლიციო საგუშაგოს აღებას მოითხოვდა, რადგან მიიჩნევდა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს საგუშაგო ოკუპირებულ წნელისში განათავსა. დე ფაქტო პრეზიდენტმა ახალგორი ამ საგუშაგოს აღებამდე ჩაკეტა.

ახალგორის მცხოვრებლებმა კი ბიბილოვის ამ გადაწყვეტილებას 10 აპრილის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში უპასუხეს - დაბაში მისმა კონკურენტმა ალან გაგლოევმა 4-ჯერ მეტი ხმა მიიღო. გაგლოევი წინასაარჩევნო შეხვედრისას ახალგორელებს შეჰპირდა, რომ თანამდებობის დაკავების შემთხვევაში, გზას გახსნიდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG