Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოს მთიან ზონაში ვილების კონფისკაცია მოხდა კორუფციის საქმეზე გამოძიების ფარგლებში


ბრეზოვიცა. კოსოვო. 2021 წლის დეკემბერი
ბრეზოვიცა. კოსოვო. 2021 წლის დეკემბერი

კოსოვოს პოლიციის მიერ მოხდა კონფისკაცია მთიანი ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მდებარე ათობით ვილისა, რომელთა მფლობელები მშენებლობის უფლების მოსაპოვებლად ადგილობრივი ოფიციალური პირებისთვის ქრთამის მიცემაში არიან ეჭვმიტანილი.

ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. ეს არის კოსოვოში პოლიციის უდიდესი კრიმინალური ოპერაცია მას მერე, რაც პრემიერ-მინისტრმა ალბინ კურტიმ თანამდებობა დაიკავა და პირობა დადო, რომ დანაშაულს და კორუფციას შეებრძოლებოდა.

კორუფცია სერბეთის ყოფილ ოლქში, რომელიც 2008 წელს ცალმხრივად გამოეყო მას, უცხოური ინვესტიციებისთვის მთავარი წინაღობაა.

ეროვნულ პარკში მოიჭრა ბევრი ხე, რათა ორ და სამსართულიანი ვილებისთვის ადგილი გაეთავისუფლებინათ. პარკში მდებარეობს კოსოვოს ერთადერთი სამთო-სათხილამურო კურორტი ბრეზოვიცა, რომელიც თავისი 39 000 ჰა მაღალმთიანი რელიეფით და ტყეებით, საშუალოდ 128 სათხილამურო დღეს სთავაზობს დამსვენებელს წელიწადში.

ბრალდების დოკუმენტები, რომელთაც Reuters-ი გაეცნო, აჩვენებს, რომ ცხრა ადამიანმა აღიარა, რომ მუნიციპალიტეტის ოფიციალურ პირებს, მთლიანობაში, სულ მცირე, ორი მილიონი ევრო მისცეს მშენებლობის ნებართვების მისაღებად.

ამ დროისთვის კონფისკაციას დაექვემდებარა 70 ვილა და დაკავებულია 30 ადამიანი - ოფიციალური პირები და ბიზნესმენები. პროკურორებმა განაცხადეს, რომ იძიებენ კიდევ 70 ეჭვმიტანილის საქმეს და რომ მოსალოდნელია მეტი ვილის კონფისკაცია.

კოსოვოში მცხოვრები ბევრი სერბი, რომლებიც ალბანური უმრავლესობის მქონე მოსახლეობის 5 პროცენტს შეადგენენ, უარს ამბობს 2008 წელს ოლქის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების აღიარებაზე, რაც იწვევს ეთნიკურ დაძაბულობას სერბებსა და ალბანელებს შორის.

შტრპცეს მუნიციპალიტეტს, რომელიც ბერეზოვიცას აკონტროლებს, სერბები მართავენ. "ზოგიერთმა ალბანელმა ბიზნესმენმა შესთავაზა, გადაუხადა ფული ან სხვა ტიპის საჩუქარი მისცა მუნიციპალიტეტის მაღალი თანამდებობის პირებს იმისთვის, რომ აეშენებინათ ვილები საკურორტო ზონაში, რომელშიც მშენებლობა აკრძალულია", - განაცხადა ადვოკატმა ელმაზ ზენუნიმ, რომელიც წარმოადგენს ნაკლებად ცნობილი ოფიციალური პირის ინტერესებს, რომელსაც, მისი თქმით, ფული არასოდეს აუღია.

XS
SM
MD
LG