Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის და რუსეთის თავდაცვის მინისტრებმა უკრაინის ვითარება განიხილეს სატელეფონო საუბარში


კომბინირებული ფოტო: აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი და რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ
კომბინირებული ფოტო: აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი და რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ და პენტაგონის მეთაურმა ლოიდ ოსტინმა სატელეფონო საუბარში უკრაინაში არსებული ვითარება განიხილეს.

ოსტინმა საუბარში აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია კომუნიკაციების შენარჩუნება.

ამის შესახებ იტყობინება რუსეთის სააგენტო "რია ნოვოსტი", რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროსა და პენტაგონის საიტზე დაყრდნობით.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, 21 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრს, არმიის გენერალ სერგეი შოიგუსა და აშშ-ის თავდაცვის მინისტრს, ლოიდ ოსტინს, შორის სატელეფონო საუბრისას განხილულ იქნა "საერთაშორისო უსაფრთხოების აქტუალური საკითხები, უკრაინაში არსებული ვითარების ჩათვლით".

მოგვიანებით ამ საუბრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა პენტაგონის პრესსამსახურმაც. თუმცა, არცერთ მხარეს არ უთქვამს, ვისი ინიციატივით შედგა იგი. "მინისტრმა ოსტინმა ხაზი გაუსვა კომუნიკაციის ხაზის შენარჩუნების აუცილებლობას უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის პირობებში", - ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.

ლოიდ ოსტინი, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, პირველად 13 მაისს ესაუბრა თავის რუს კოლეგას, სერგეი შოიგუს. მას შემდეგ ცნობები მათ შორის კომუნიკაციის შესახებ არ გავრცელებულა.

2 ოქტომბერს ოსტინმა, რომელმაც დაგმო "ბირთვული იარაღის ჟღარუნი", განაცხადა, რომ აფრთხილებდა შოიგუს უკრაინაზე ბირთვული დარტყმის შესაძლო შედეგების შესახებ.

XS
SM
MD
LG