Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა ახალი საკოორდინაციო საბჭო შექმნა


ვლადიმირ პუტინი. 2022 წლის ოქტომბერი
ვლადიმირ პუტინი. 2022 წლის ოქტომბერი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას შეიარაღებული ძალების, სხვა ჯარების, სამხედრო ფორმირებებისა და უწყებების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ.

ასეთი ორგანოს შექმნის აუცილებლობაზე, რომელიც კანონით არ არის გათვალისწინებული, პუტინმა ამ კვირაში, უშიშროების საბჭოს სხდომაზე ისაუბრა.

განკარგულების თანახმად, საბჭომ კოორდინაცია უნდა გაუწიოს სახელისუფლებო ორგანოების მუშაობას არმიისა და სხვა ძალოვანი სტრუქტურების მომარაგების საქმეში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს (ასე უწოდებს რუსეთის ხელისუფლება ომს უკრაინაში).

კრემლის მომხრე ბლოგერებმა ეს სტრუქტურა მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა კავშირში მოქმედ თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტს შეადარეს. თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტი კი, ახალი საბჭოსგან განსხვავებით, სრულ ძალაუფლებას ფლობდა.

თავად პუტინი არ შევიდა საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში.

მას სათავეში ჩაუდგა მთავრობის ხელმძღვანელი მიხაილ მიშუსტინი. საბჭოს შემადგენლობაში არიან რამდენიმე ვიცე-პრემიერი, მინისტრები, ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები და მოსკოვის მერი.

უკრაინაში ომის დაწყებიდან და განსაკუთრებით, მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსი სამხედროებისგან, მათი ნათესავებისა და აქტივისტებისგან არმიის მომარაგებაზე მრავალრიცხოვანი საჩივარი შედიოდა.

XS
SM
MD
LG