Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის თავდაცვის მინისტრი კოლეგებს ელაპარაკა „რუსეთის ბირთვული შანტაჟის აქტზე"

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა „რუსეთის ბირთვული შანტაჟის აქტი" უწოდა რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს განცხადებას, რომ უკრაინა აპირებს „ბინძური ბომბის“ გამოყენებას.

რეზნიკოვი ტვიტერზე წერს, რომ ესაუბრა საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებს, რომლებმაც ინფორმაცია მიაწოდეს რუსეთის თავდაცვის მინისტრთან მათი საუბრების შესახებ. ოლექსი რეზნიკოვის თანახმად, მან პასუხი გასცა რუსეთის ყველა „ფეიკ ბრალდებას“.

უკრაინის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა ღიაა მონიტორინგის ნებისმიერი მისიისთვის.

ოლექსი რეზნიკოვი დღეს სატელეფონო საუბარს გეგმავს აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინთანაც.

23 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სატელეფონო საუბრები გამართა დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებთან და უთხრა, რომ რუსეთი შეშფოთებულია უკრაინის მხრიდან „ბინძური ბომბის“ გამოყენებით შესაძლო პროვოკაციის გამო. იმავე დღეს, შოიგუ ტელეფონით ესაუბრა აშშ-ის თავდაცვის მინისტრსაც. ამ საუბრების შემდეგ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ უარყოფენ რუსეთის აშკარად ცრუ მტკიცებას, თითქოს, უკრაინა თავის ტერიტორიაზე აპირებს „ბინძური ბომბის“ გამოყენებას.

მსოფლიოს მაქსიმალურად მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 23 ოქტომბერს, ღამით გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ზელენსკი აცხადებს, რომ როცა რუსეთის თავდაცვის მინისტრი "სატელეფონო კარუსელს" აწყობს, უცხოელ მინისტრებს ურეკავს და "ბინძური ბომბის" შესახებ უყვება, ყველამ კარგად იცის, რომ ყველანაირი სიბინძურის წყარო რუსეთია.

"ბინძურ ბომბს" უწოდებენ ასაფეთქებელ მოწყობილობას, რომელიც რადიოაქტიურ ნივთიერებებსაც შეიცავს.

XS
SM
MD
LG