Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე "ქართული ოცნების" წევრი გახდა


საბა ოდიშარია, სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე
საბა ოდიშარია, სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „ქართული ოცნების“ 17-მა დეპუტატმა, ოპოზიციის ბოიკოტის მიუხედავად, თავმჯდომარედ ერთხმად აირჩია მმართველი გუნდის წარმომადგენელი საბა ოდიშარია.

კენჭისყრამდე საკრებულოს სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა ოპოზიციამ - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 12-მა და ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის 4-მა წევრმა. ამის მიზეზად მათ ის დაასახელეს, რომ არ აპირებდნენ მონაწილეობის მიღებას სხდომაში, რომლის მიზანიც მხოლოდ თანამდებობების გადანაწილებაა და არა მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა. ოპოზიცია პროტესტის გაგრძელებას არ გეგმავს. ისინი მომდევნო სხდომებს დაესწრებიან.

თანაგუნდელებს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა საბა ოდიშარიამ და აღნიშნა, რომ დღევანდელი სხდომით სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დასრულდა ერთწლიანი კრიზისი. მისივე თქმით, აუცილებლად განიხილავენ მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, თუმცა მას შემდეგ, რაც აირჩევენ თანამდებობის პირებს.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში უმრავლესობა მმართველმა გუნდმა 2022 წლის პირველ ოქტომბერს გამართული შუალედური არჩევნების შემდეგ მოიპოვა. თეკლათი-ჭალადიდის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნებში “ქართული ოცნების” კანდიდატმა ზაზა ყურაშვილმა გაიმარჯვა. მისი ერთადერთი კონკურენტი იყო მამუკა ტუსკაძე, „მამუკა ტუსკაძე - სოციალური სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე. სხვა ოპოზიციურ პარტიებს პროტესტის ნიშნად არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღიათ.

სხვა მოცემულობა იყო 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, როცა "ქართულ ოცნებას" უმრავლესობა არ ჰყავდა და საკრებულოს თავმჯდომარეს ვერ ირჩევდა. პარტიამ უმრავლესობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ვახტანგ წურწუმიამ მანდატის ვადაზე ადრე შეწყვეტა მოითხოვა. ოპოზიცია წურწუმიაზე ზეწოლასა და მის მატერიალური სარგებლით გადაბირებაზე საუბრობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG