Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალაძის თქმით, ზოგიერთმა მედიამ აუზში ბავშვების მოწამვლაზე ტყუილი გაავრცელა


კახა კალაძე, თბილისის მერი
კახა კალაძე, თბილისის მერი

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ მედიასაშუალებების ნაწილმა მუნიციპალურ აუზში ბავშვების ქლორით მოწამვლაზე მიზანმიმართული ტყუილი გაავრცელა. მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ საცურაო აუზ "იმედის" წყლის კვლევებით დასტურდება, რომ ქლორისა და ph-ის მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია.

"სამწუხაროდ, კონკრეტული მედიასაშუალების მხრიდან ადგილი აქვს საცურაო აუზისა და ბავშვების თემით მანიპულირების ფაქტს და სიცრუის პროპაგანდას... მოქალაქის ინფორმაციით, ვიდეოში ასახულია ბავშვებით სავსე საცურაო აუზში წყლის ქიმიური დამუშავების პროცესი (კერძოდ, ქლორის დამატება), რის გამოც, რამდენიმე დღის წინ, თითქოს, ბავშვებმა და მწვრთნელებმა მიიღეს სხეულის ინტოქსიკაცია... ადმინისტრაციის მოკვლევით, ამ დღეების განმავლობაში, არცერთი ბავშვი არ იმყოფებოდა სამედიცინო დაწესებულებაში, რაც ინტოქსიკაციის შემთხვევაში უნდა მომხდარიყო", - განაცხადა კახა კალაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ მიზანმიმართული სიცრუის გავრცელება კომპლექს "იმედში" მომუშავე თანამშრომლებს უკავშირდება და ამაზე "შესაბამისი რეაგირება" იქნება.

"ეს ყველაფერი მიზანმიმართულად დაამთხვიეს ტრაგედიას, რომელიც თავს დაგვატყდა და რომელიც თავზარდამცემი იყო. სპეციალურად მანიპულირებენ აღნიშნული თემით, რომ, თითქოს, ბავშვების ყოფნის დროს საცურაო აუზში ჩაყარეს ქლორი. ამაზე დიდი მავნებლობა რა უნდა იყოს. ჩვენ გავაგრძელებთ საქმის კეთებას და, რა თქმა უნდა, საზოგადოებას ყოველთვის მივაწვდით ინფორმაციას", - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მერიის პრესსამსახურმა გაავრცელა ლაბორატორია "მულტიტესტის" კვლევის შედეგიც, რომლის მიხედვითაც, "გამოცდის შედეგები შეესაბამება იმავე ოქმში მითითებულ საანალიზო ნიმუშებს".

გუშინ, 25 ოქტომბერს, მედიასაშუალებების ნაწილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ საცურაო აუზ "იმედში" ბავშვები მოიწამლნენ.

XS
SM
MD
LG