ხელისუფლების მხრიდან დემონსტრანტებზე განხორციელებული ზეწოლის მიუხედავად, ირანელებმა თავი მოიყარეს ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის საფლავზე, რათა მისი სიკვდილიდან მეორმოცე დღე აღენიშნათ.
22 წლის ამინი თეირანში, პოლიციის განყოფილებაში გარდაიცვალა 16 სექტემბერს, მას მერე, რაც სავალდებულო ჰიჯაბის წესების ტარების დარღვევის გამო სამი დღით ადრე დააპატიმრა მორალის პოლიციამ. მისმა სიკვდილმა, რომელსაც ოფიციალური პირები გულის შეტევით ხსნიან, მთელი ქვეყნის მასშტაბით მისცა ბიძგი ანტისამთავრობო გამოსვლებს, რომლებსაც ხელისუფლება მძიმე რეპრესიებით პასუხობს. ოსლოში განთავსებული ჯგუფი, "ირანის ადამიანის უფლებები" აცხადებს, რომ რეპრესიებს ემსხვერპლა, სულ მცირე, 215 ადამიანი, მათ შორის 27 ბავშვი.
საპროტესტო აქციების ავანგარდში არიან ახალგაზრდა ქალები და სკოლის მოსწავლე გოგონები. 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ ეს აქციები ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია ირანის მმართველი თეოკრატიის წინააღმდეგ.
26 ოქტომბერს ათობით პირმა მოიყარა თავი აიჩის სასაფლაოზე, ამინის მშობლიურ ქალაქ საყეზში, დასავლეთ ირანის ქურთისტანის პროვინციაში - მიუხედავად უსაფრთხოების სამსახურების მიერ ამინის ოჯახისადმი გამოთქმული მუქარისა, რომ "თავიანთი ვაჟის სიცოცხლე უნდა აშფოთებდეთ". სოციალური მედიით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებში ჩანს, რომ აქციის მონაწილეები სკანდირებენ ლოზუნგებს: "ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება" და "სიკვდილი დიქტატორს", რომელიც, როგორც ჩანს, მიემართება ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის.