რუსეთის ხელისუფლებამ კიევს "სიგნალები" გადასცა "ხიდების დალაგების" და "ურთიერთობების განბლოკვის" შესაძლებლობებზე, იმ ფონზე, როცა რუსეთი უკვე რვა თვეა აწარმოებს ფართომასშტაბიან ომს უკრაინაში. ამის შესახებ ოთხშაბათს განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გვინეა-ბისაუს პრეზიდენტთან, უმარუ სისოკუ ემბალოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
გვინეა-ბისაუს პრეზიდენტმა სამშაბათს მოსკოვში გამართა მოლაპარაკება რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან. ზელენსკის თქმით, რუსეთის ხელისუფლებამ მას დააბარა ეს სიგნალები უკრაინის ხელისუფლებისადმი.
"მან თქვა, რომ რუსეთს ხიდების დალაგება სურს", - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, იმისთვის, რომ რაიმეზე ლაპარაკი შესაძლებელი გახდეს, რუსეთმა უნდა შეწყვიტოს დარტყმები უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. "მეორე საკითხი, რომელიც რუსეთმა გადმოგვცა, არის ურთიერთობების განბლოკვის საჭიროება... მოდით დავიწყოთ განბლოკვა, სულ მცირე ჩვენი შავი ზღვის", - აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ვლადიმირ პუტინისგან დიალოგისთვის მზაობის შესახებ მიღებული სიგნალები, არის მხოლოდ რიტორიკა, რომელიც მიემართება რუსეთის აუდიტორიას და იმ ქვეყნებს, რომლებიც ჯერ კიდევ ინარჩუნებენ პოლიტიკურ კავშირებს რუსეთთან. ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა მოლაპარაკებისთვის მზად იქნება, თუ რუსეთი პატივს სცემს მის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და საზღვრებს, რაც ამჟამად არ ხდება.
ემბალომ დაადასტურა, რომ ზელენსკის გადასცა პუტინთან თავისი საუბრის შინაარსი. მოსკოვს ჯერჯერობით არაფერი უთქვამს უკრაინის პრეზიდენტის სიტყვებზე.