Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ "ბინძურ ბომბად" წარმოადგინა 2010-იან წლებში სლოვენიაში გადაღებული ფოტო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოთხშაბათს თავის ინგლისურენოვან ტვიტერზე განათავსა ტექსტი იმის შესახებ, რომ ფლობს ინფორმაციას, თითქოს უკრაინის ორმა ორგანიზაციამ მიიღო პირდაპირი შეკვეთა ე.წ. "ბინძური ბომბის" დასამზადებლად. ტექსტის ილუსტრირების მიზნით გამოქვეყნდა ფოტოები, რომელთა ნაწილიც ინტერნეტის მომხმარებლებმა ამოიცნეს, როგორც 2010-იანი წლების სლოვენიასა და მექსიკაში გადაღებული სურათები.

სლოვენიის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა საპასუხო ტექსტი, რომელშიც ხაზგასმით აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობით ეკიდება ბირთვული ნარჩენების შენახვის საკითხს და არ აწარმოებს არანაირ სამუშაოს, რომელიც "ბინძურ ბომბებს" უკავშირდება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ტვიტერის ანგარიშზე გამოქვეყნებულ ფოტოებში გამოსახულია უცნობი ატომური ელექტროსადგური, რადიოაქტიური ნარჩენების შესანახი კონტეინერები, ტომრები, რომლებსაც დატანილი აქვთ რადიაციის ნიშნები და წარწერები "რადიოაქტიურია". ამასთან, საგარეო უწყება წერდა, რომ "ბინძური ბომბის" დამზადების სამუშაო უკრაინაში უკვე ფინალურ ფაზაშია შესული.

ტვიტერის მომხმარებლებმა აღნიშნეს, რომ ტომრების ამსახველი ფოტო გადაღებულია მექსიკაში 2016 წელს, ხოლო წარწერა "რადიოაქტიურია" სლოვენიურ ენაზეა გაკეთებული. ეს ფოტო პირველად გამოაქვეყნა მექსიკის პოლიციამ, რომელმაც აღმოაჩინა სლოვენიიდან გატაცებული რადიოაქტიური მასალები. ერთი ფოტო ეკუთვნის სლოვენიურ სააგენტოს, რომელიც რადიოაქტიურ ნარჩენებს აკონტროლებს და ის 2010 წელსაა გადაღებული.

რუსეთის მხარემ გასულ კვირაში დაიწყო ლაპარაკი იმის შესახებ, რომ თითქოს უკრაინა გეგმავს "ბინძური ბომბის" დამზადებას და აფეთქებას.

კიევი კატეგორიულად უარყოფს ამგვარი ბომბის და გეგმის ქონას.

აშშ-ის, ბრიტანეთის და საფრანგეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა რუსეთის განცხადებები უსაფუძვლოდ მიიჩნიეს.

"ბინძურ ბომბს" უწოდებენ ასაფეთქებელ მოწყობილობას, რომლის გამოყენებითაც ატმოსფეროში ხვდება რადიოაქტიური ნივთიერებები.

XS
SM
MD
LG