Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანული დაზვერვა: პოტიომკინის  ნეშტის გატანა რუსეთის არმიის ხერსონიდან გასვლაზე მიანიშნებს


გრიგორი პოტიომკინი
გრიგორი პოტიომკინი

ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის შეფასებით, რუსეთის მიერ ხერსონიდან გრიგორი პოტიომკინის ნეშტის ნაწილების გადატანა მიანიშნებს რუსეთის მზადყოფნაზე, სწრაფად გავიდეს ხერსონიდან, რომლის ოკუპაციაც ომის დაწყების პირველ პერიოდში მოახდინა, უკრაინაში შეჭრის შემდეგ. ამის შესახებ აღნიშნულია დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 29 ოქტომბერს, ტვიტერზე გამოქვეყნებულ ცნობებში.

გენერალ-ფელდმარშალი, სამხედრო კოლეგიის პრეზიდენტი და ეკატერინოსლავის საადგილმამულო გუბერნატორი, გრიგორი პოტიომკინი რუსეთში მე-18 საუკუნის დიდ სახელმწიფო მოღვაწედ ითვლება. პოტიომკინი ხერსონის დამაარსებლად მიიჩნევა და აღინიშნება მისი წვლილი რუსეთის იმპერიის განმტკიცების საქმეში.

პუტინის განკარგულებით ხერსონის ოლქის გუბერნატორად დანიშნულმა ვლადიმირ სალდომ 27 ოქტომბერს განაცხადა, რომ ხერსონიდან გაჰყავთ არა მხოლოდ ადამიანები, არამედ დნეპრის მარცხენა ნაპირზე გადაიტანეს ძეგლები და „მისი აღმატებულება პოტიომკინის“ ნეშტის ნაწილები წმინდა ეკატერინეს ტაძრიდან. გატანილია მისი ძეგლიც.

„რუსეთის ნაციონალურ იდენტობაში პოტიომკინი მკაფიოდ ასოცირდება უკრაინის მიწების დაპყრობასთან მე-18 საუკუნეში და ხაზს უსვამს იმ მნიშვნელობას, რის საფუძველზეც პუტინი ახდენს [უკრაინაში] შეჭრის ისტორიულ გამართლებას... პოტიომკინის ნაწილების სიმბოლური გატანა და ხერსონის მკვიდრთა მასობრივი გაყვანა სავარაუდოდ მიუთითებს რუსეთის განზრახვაზე, დააჩქაროს ამ რაიონიდან გასვლა“, - წერია ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ცნობაში.

გრიგორი პოტიომკინს ისტორიკოსთა ნაწილი ეკატერინე II-ის თანამმართველად მოიხსენიებს - ეკატერინე უსმენდა მას და ასე იყო ყირიმის რუსეთთან შეერთების დროს. გადმოცემის თანახმად, პოტიომკინმა, უკრაინაში, ბუტაფორიული სოფლები „ააწყო“ იმ მარშრუტის გასწვრივ, რომელიც ეკატერინე II-ს უნდა გაევლო. სწორედ აქედან მოდის ტერმინი „პოტიომკინის სოფელი“, რაც უსაფუძვლო, ფასადურ ეფექტს აღნიშნავს.

უკრაინის არმია ბოლო კვირებში კონტრშეტევას აწარმოებს, ხერსონის ოკუპირებული რეგიონისა და თავად ქალაქის დასაბრუნებლად. ამ ეტაპზე პროცესი შედარებით შენელებულია. უკრაინის არმიის განცხადებით, რუსეთი დამატებით ძალებს გზავნის მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე.

რუსეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ქალაქ ხერსონიდან ევაკუირებულია ყველა სამოქალაქო პირი. ყირიმში რუსეთის მიერ დანიშნულმა გუბერნატორმა სერგეი აკსიონოვმა 28 ოქტომბერს განაცხადა, რომ ხერსონი მოინახულა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, სერგეი კირიენკომ.

XS
SM
MD
LG