Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა, თურქეთი და გაერო რუსეთის გარეშე შეთანხმდნენ 16 გემის გადაადგილების გეგმაზე


ფოტო არქივიდან. ხორბლით დატვირთული გემი ოდესის პორტში. 2022 წლის აგვისტო
ფოტო არქივიდან. ხორბლით დატვირთული გემი ოდესის პორტში. 2022 წლის აგვისტო

გაერომ, თურქეთმა და უკრაინამ შეათანხმეს ჰუმანიტარული დერეფნით 16 გემის გადაადგილების დღევანდელი, 31 ოქტომბრის გეგმა. ამის შესახებ სპეციალურ საკოორდინაციო ცენტრზე დაყრდნობით იუწყება სააგენტო „როიტერსი“. საუბარია იმ გემებზე, რომლებმაც უკრაინის აკვატორია უკვე დატოვეს და ამჟამად თურქეთის წყლებში იმყოფებიან. გაერო, უკრაინა და თურქეთში შეთანხმდნენ 40 ასეთი გემის ინსპექტირებაზეც.

რუსეთის გარეშე მიღწეული შეთანხმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტოებიც, „ტასი“ და „რია-ნოვოსტი“. საკოორდინაციო ცენტრმა მიღებული გადაწყვეტილება რუსეთს ოფიციალურად შეატყობინა.

სააგენტო „რია-ნოვოსტის“ რუსეთის წარმომადგენელმა განუცხადა, რომ მოსკოვის გარეშე მიღებული გადაწყვეტილება რუსეთს არანაირ ვალდებულებას არ აკისრებს.

უკრაინამ და რუსეთმა თურქეთის და გაეროს შუამავლობით, 22 ივლისს, სტამბოლში მიაღწიეს შავი ზღვით, უკრაინიდან მსოფლიოში ხორბლის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის ექსპორტის განახლების შეთანხმებას. გემების კონტროლისა და უსაფრთხო ნაოსნობისთვის სტამბოლში გაიხსნა უკრაინის, რუსეთის, თურქეთის და გაეროს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სპეციალური საკოორდინაციო ცენტრი.

29 ოქტომბერს რუსეთმა გამოაცხადა, რომ უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით განახორციელა „ტერორისტული შეტევა“ სევასტოპოლში მყოფ რუსულ სამხედრო და სამოქალაქო გემებზე, რის გამოც შეთანხმების შესრულებას აჩერებს. მანამდე რუსეთი სხვადასხვა საბაბით, არაერთხელ დაიმუქრა უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შეზღუდვით.

უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 30 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, რუსეთმა „მარცვლეულის შეთანხმების“ შეჩერებით, ფაქტობრივად, დაბლოკა 218 გემის გადაადგილება. სამინისტროს მონაცემებით, ამ გემებიდან 95 უკვე დატვირთულია, უკრაინის პორტები დატოვა და ინსპექტირებას ელოდება, 101 გემი ამ პროცედურას ელოდება უკრაინის პორტებში შესასვლელად, 22 კი - გასვლის მოლოდინშია.

XS
SM
MD
LG