რუსმა ბიზნესმენმა, მილიარდერმა ოლეგ ტინკოვმა ოფიციალურად თქვა უარი რუსეთის მოქალაქეობაზე. ამის შესახებ ტინკოვმა ინსტაგრამზე დაწერა და გამოაქვეყნა 26 ოქტომბრით დათარიღებული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს რუსეთის მოქალაქეობიდან მის გასვლას.
რუსმა ბიზნესმენმა გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ არ სურს ასოცირდებოდეს „პუტინის ფაშიზმთან“. ოლეგ ტინკოვს იმედი აქვს, რომ სულ უფრო მეტი ბიზნესმენი იტყვის უარს, იმუშაოს ფაშიზმზე და ისინიც დატოვებენ რუსეთის მოქალაქეობას და ბიზნესს.
ოლეგ ტინკოვი, რომლის ქონებას „ფორბსის“ რუსული გამოცემა 4.7 მილიარდ დოლარად აფასებს, კვიპროსის მოქალაქეცაა, თუმცა, ამჟამად ლონდონში ცხოვრობს. ტინკოვმა არაერთხელ, მწვავედ გააკრიტიკა უკრაინაში რუსეთის შეჭრა. ომის დაწყების შემდეგ ბიზნესმენმა რუსეთში დახურა ან გაყიდა საკუთარი კომპანიები. მათ შორის ყველაზე ცნობილი იყო ბანკი „Тинькофф“. მისი წილი რუსმა ოლიგარქმა ვლადიმირ პოტანინმა შეიძინა.
31 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა კიდევ ერთმა მილიარდერმა, ბრიტანული საფინანსო-ტექნოლოგიური კომპანიის, Revolut-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკოლაი სტორონსკიმ. ის დიდი ბრიტანეთის მოქალაქეცაა. მანამდე რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვეს ბიზნესმენებმა იური მილნერმა, ტიმურ ტურლოვმა და რუბენ ვარდანიანმა.