Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საოკუპაციო ძალებმა საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს


ფოტო არქივიდან. საოკუპაციო ხაზი.
ფოტო არქივიდან. საოკუპაციო ხაზი.

დღეს, 1 ნოემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე. ისინი გორის მუნიციპალიტეტის სოფელებიდან გაიტაცეს. ორი მოქალაქე მეჯვრისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, ერთი კი - სოფელ ზერტში. - ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

„უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაააქტიურა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი „ცხელი ხაზი“. მომხდარის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ამოქმედებულია მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმი უკანონოდ დაკავებული პირების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად", - ნათქვამია განცხადებაში.

სუსის განმარტებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ჩადენილ დესტრუქციულ ქმედებებზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. ამ დრომდე ცხინვალის ციხეში საქართველოს ოთხი მოქალაქე იხდის სასჯელს, მათ შორის მამუკა ჩხიკვაძე ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა.

ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა 10 ნოემბერს გაიმართება, სადაც უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლების საკითხსაც განიხილავენ.

XS
SM
MD
LG