Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის საელჩო: გვარამიას პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ევროპულ მომავალს


აშშ-ის დროშა
აშშ-ის დროშა

საქართველოში აშშ-ის საელჩო ეხმიანება სააპელაციო სასამართლოს განაჩენს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვების შესახებ. საელჩო მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება რისკის ქვეშ აყენებს ქვეყნის ევროპულ მომავალს.

"იმ დროს, როდესაც საქართველოს ერთგულება მიუკერძოებელი სასამართლოსა და მედია პლურალიზმის მიმართ განსაკუთრებული დაკვირვების საგანია, მთავარი ოპოზიციური ტელეარხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმდინარე პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანსა და საქართველოს ლიდერების გაცხადებულ მიზანს - უფრო უსაფრთხო, დემოკრატიული, ევროპული მომავლისა", - წერია განცხადებაში, რომელიც საელჩოს ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა.

საელჩო აცხადებს, რომ გააგრძელებენ მედიის თავისუფლებისა და სასამართლო რეფორმის მხარდაჭერას, რაც აუცილებელია სტაბილური და წარმატებული დემოკრატიის ასაშენებლად და რაც ქართველი ხალხის მკაფიო სურვილია.

"შეერთებული შტატების საელჩო კიდევ ერთხელ გამოხატავს ღრმა შეშფოთებას დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გვარამიას, იაშვილისა და დამენიას საქმეზე. არაერთმა საერთაშორისო და ქართველმა უფლებადამცველმა თავიდანვე წამოჭრა სერიოზული კითხვები ამ საქმის შესახებ, მათ შორის დროსა და ბრალდებებთან დაკავშირებით, აგრეთვე, მსჯავრდებისა და სასჯელის შესახებ. შერჩევითი გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მსჯავრდების აღქმაც კი ასუსტებს საზოგადოების ნდობას სამართალდამცავების, პროკურატურის, სასამართლოებისა და თავად ხელისუფლების მიმართ".

დღეს, 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა.

სააპელაციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გამოცხადებული განაჩენი ზურაბ იაშვილისა და კახაბერ დამენიას შემთხვევაში. სააპელაციო სასამართლომ იაშვილი უდანაშაულოდ ცნო, დამენიას კი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით (გულგრილობა) გათვალისწინებული პასუხისმგებლობა - 50 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა.

სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის საჩივარი მხოლოდ "მთავარი არხის" დირექტორის, ნიკა გვარამიას შემთხვევაში დააკმაყოფილა ნაწილობრივ. სააპელაციომაც, საქალაქო სასამართლოს მსგავსად, სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით (მითვისება ან გაფლანგვა) წაყენებული ბრალი გადააკვალიფიცირა ამავე კოდექსის 220 (უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) მუხლის ორი ეპიზოდით გათვალისწინებულ დანაშაულად იმ განსხვავებით, რომ ორივე შემთხვევაში 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა გამოიყენა - საქალაქო სასამართლომ 50 ათასლაირიანი ჯარიმა და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG