Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედიის ადვოკატირების კოალიცია პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებს


„მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია სასამართლო პროცესზე.
„მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია სასამართლო პროცესზე.

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ ყოფილი დირექტორის და „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენს გამოეხმაურა მედიის ადვოკატირების კოალიცია. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 2 ნოემბერს გამოტანილმა განაჩენმა საქართველო კიდევ უფრო დააშორა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს.

„საპელაციო სასამართლოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის სტატუსის მისაღებად დაწესებულ მოთხოვნებს პლურალისტური მედიაგარემოსა და დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს შესახებ. ნიკა გვარამიას საქმე მოხვდა საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაშიც. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ საქართველო კიდევ უფრო დააშორა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და ბუნდოვანი გადახადა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი", - ნათქვამია მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადებაში.

კოალიცია კიდევ ერთხელ მოვუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, შეიწყალოს ნიკა გვარამია და დადებითი როლი შეასრულოს ევროპის კავშირში ინტეგრაციის პროცესში.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2 ნოემბერს ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი და ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამიას მიმართ წარდგენილი ბრალდება გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე (მითვისება ან გაფლანგვა) მუხლის "ა", "ბ" და ამავე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, დაკვალიფიცირდა სს კოდექსის 220-ე (უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) მუხლით და ნიკა გვარამია ცნობილ იქნა დამნაშავედ სს კოდექსის 220-ე მუხლით - ორ ეპიზოდში გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად, 2015 წლის ეპიზოდში დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და ექვსი თვის ვადით.

3 წელი და ექვსი თვე განუსაზღვრა სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ ნიკა გვარამიას 2019 წლის, ე.წ. ავტომანქანის ეპიზოდშიც:

"სს კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქას მეორე და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ძირითად სასჯელად და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით", - ნათქვამია სააპელაციო სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილებაში.

სასამართლოს პირველ ინსტანციას ნიკა გვარამიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით ჰქონდა გამოტანილი. ეს ეხებოდა 2015 წლის ეპიზოდს, სადაც ბრალდების მტკიცებით, ზიანმა 6 763 509 ლარი შეადგინა და საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას სასჯელის სახედ 50 000 ლარის ოდენობის ჯარიმა განუსაზღვრა.

ხოლო 2019 წლის ეპიზოდზე, ავტომობილის საქმეზე, სადაც ბრალდების მტკიცებით, ზიანმა 66 271 ლარი შეადგინა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვის ვადით ჰქონდა მისჯილი პატიმრობა.

სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას მანქანის ნაწილში სასჯელად კვლავ დაუტოვა პატიმრობა 3 წლითა და 6 თვით, თუმცა, 2015 წლის ეპიზოდში, ნაცვლად ჯარიმისა, მას ასევე მიუსაჯა პატიმრობა 3 წლითა და 6 თვის ვადით,

სასამართლო კოლეგიის განცხადებით, სასჯელის მოხდის ვადა ნიკა გვარამიას დაეწყო 2022 წლის 16 მაისიდან.

XS
SM
MD
LG