Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

IAEA-ის ექსპერტებმა უკრაინაში "ბინძური ბომბის" კვალი ვერ აღმოაჩინეს - რაფაელ გროსი


რაფაელ მარიანო გროსის თანახმად, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) საჭიროების შემთხვევაში მზად არის შემოწმება უკრაინაში შემდგომშიც ჩაატაროს
რაფაელ მარიანო გროსის თანახმად, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) საჭიროების შემთხვევაში მზად არის შემოწმება უკრაინაში შემდგომშიც ჩაატაროს

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ინსპექტორებმა უკრაინაში დაასრულეს სამი ობიექტის შემოწმება და ამ ლოკაციაზე ვერ აღმოაჩინეს "ბინძური ბომბის" ნიშანწყალი.

ამის შესახებ 3 ნოემბერს განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა, რაფაელ მარიანო გროსიმ, რომლის თანახმად შემოწმება ჩატარდა შემდეგ ობიექტებზე: კიევის ბირთვული კვლევების ინსტიტუტში, ყვითელ წყლებში მდებარე აღმოსავლეთ სამთო-გამამდიდრებელ კომბინატში და ქალაქ დნეპრში, ა. მაკაროვის სახელობის სამხრეთ მანქანათმშენებლობის ქარხანაში.


ამ პერიოდში საერთაშორისო ინსპექტორებმა სააგენტოს ლაბორატორიაში შემოწმების მიზნით შეაგროვეს ასევე გარემომცველი სფეროს ნიმუშები. როგორც IAEA-ში განმარტავენ, ეს არის უსაფრთხოების გავრცელებული ფორმა იმ მონაცემების შესაგროვებლად, რომლითაც უნდა დადგინდეს ხომ არ ჰქონდა ადგილი აღნიშნულ ლოკაციაზე რადიოაქტიურ მასალებთან დაკავშირებულ მუშაობას.

„ჩვენს მიერ მიღებული შედეგების ტექნიკური და სამეცნიერო შეფასებით ამ სამ ადგილზე არ აღმოჩნდა არადეკლარირებული ბირთვული საქმიანობისა ან მასალების არსებობის რაიმე ნიშანი. ამას გარდა, რაც შეიძლება სწრაფად გაცნობებთ გარემომცველი სფეროს სინჯის აღებით მიღებულ შედეგებსაც“, - განაცხადა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ მარიანო გროსიმ.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA), გროსის თანახმად, საჭიროების შემთხვევაში მზად არის შემოწმება უკრაინაში შემდგომშიც ჩაატაროს.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს(IAEA) ინსპექტორებმა უკრაინაში დაიწყეს ორი ობიექტის შემოწმება.

ამას წინ უძღოდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება, რომ უკრაინა შესაძლოა, პროვოკაციას ამზადებდეს ე.წ. ბინძური ბომბის გამოყენებით, კრემლის მიერ კონტროლირებული მედიასაშუალებები ჩერნობილის დახურულ ატომურ ელექტროსადგურს და კიევსა და ხარკოვში მდებარე სამეცნიერო ცენტრებს ასახელებდნენ სავარაუდო ადგილებად, სადაც „ბინძურ ბომბებს“ ამზადებენ.

"ბინძურ ბომბს" უწოდებენ ასაფეთქებელ მოწყობილობას, რომელიც რადიოაქტიურ ნივთიერებებსაც შეიცავს. უკრაინა არ გამორიცხავს, რომ რუსეთი თავად აპირებს ამ ტიპის შეიარაღების გამოყენებას, რასაც შემდეგ კიევს დააბრალებს.

XS
SM
MD
LG