Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეპუტატი ნონა მამულაშვილი პარლამენტს და „ნაციონალურ მოძრაობას" ტოვებს


პარლამენტის წევრი ნონა მამულაშვილი.
პარლამენტის წევრი ნონა მამულაშვილი.

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"-ს წევრი ნონა მამულაშვილი პარლამენტს და პარტიას ტოვებს. მისი შეფასებით, „მეათე მოწვევის პარლამენტი ყველაზე სამარცხვინო პარლამენტია დამოუკიდებლობის ისტორიაში".

მამულაშვილმა გააკრიტიკა, როგორც უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, ასევე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა".

„მეგობრებო, მინდა გაცნობოთ, რომ ვტოვებ პარლამენტს და „ნაციონალურ მოძრაობას".

ორი წლის წინ პოლიტიკასა და პარლამენტში ერთადერთი მიზნით მოვედი, რომ მემუშავა ქვეყნის პროდასავლური განვითარებისთვის, ანუ, ეკონომიკურად ძლიერი, სამართლიანი და დაცული გარემოს შესაქმნელად.

გარემოში, სადაც სიღარიბე და უიმედობა ერთად ტანჯავს ქვეყანას, როცა ციხეში პოლიტიკური პატიმრები არიან, ოლიგარქიულმა სისტემამ კი ევროპული მომავალი ხელიდან გამოგვგლიჯა - საქართველოს პარლამენტი ქცეულია ადგილად, სადაც ქვეყნისთვის სასიკეთო არაფერი კეთდება და ვერაფერი გაკეთდება.

მეათე მოწვევის პარლამენტი ყველაზე სამარცხვინო პარლამენტია დამოუკიდებლობის ისტორიაში, ამას საზოგადოების მხოლოდ 16-პროცენტიანი ნდობაც ადასტურებს. ამ პარლამენტის უმრავლესობამ ხელი მოაწერა ქვეყნისთვის ევროპული მომავლის ნგრევას, რითიც უღალატა ყველა წინა მოწვევის პარლამენტის სულისკვეთებას და რაც მთავარია, ხალხის ნებას", - ვკითხულობთ დეპუტატის განცხადებაში.

ოპოზიციური პარტიის შესახებ კი ნონა მამულაშვილი წერს: „რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას", პარტია დიდი ხანია დაიცალა პოლიტიკისგან. სისტემური პრობლემები არ იძლევა სიახლის და გაჯანსაღების შესაძლებლობას. ტრაგიკული ისაა, რომ ეს ერთსა და იმავე დროს ყველას და არავის ბრალია, რაც პოლიტიკურ ჩიხს კიდევ უფრო ამყარებს.

მე დღესაც, როგორც 2020 წელს იგივე და მარტივი მიზანი მაქვს - მოქმედება. ვხედავ, რომ დღეს ამ ქვეყნის ინტერესებისთვის მუშაობა პარტიული პოლიტიკის გარეთ უფროა შესაძლებელი".

მამულაშვილმა სამომავლო გეგმების შესახებ განაცხადა, რომ უერთდება პლატფორმა „გამზირს", რომელშიც „ქართველ, ევროპელ და ამერიკელ მეგობრებთან ერთად, მუშაობენ მასშტაბური, ქვეყნისთვის საჭირო საერთაშორისო პროექტის დასაწყებად, რისი მიზანიც, რა თქმა უნდა, ქვეყნის დასავლური მომავლისთვის ბრძოლა იქნება".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG