Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენის თქმით, რესპუბლიკელთა გამარჯვების შემთხვევაში აშშ-ში დემოკრატიას საფრთხე შეექმნება


აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერ წინასაარჩევნო ღონისძიებაზე განაცხადა, რომ კონგრესის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელების გამარჯვებამ შესაძლოა აშშ-ში დემოკრატია შეასუსტოს. ადრე რესპუბლიკელების მიტინგზე გამოვიდა ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და თქვა, რომ ქვეყანას „კომუნისტები მართავენ“. აშშ-ის შუალედური არჩევნები სამშაბათს გაიმართება.

8 ნოემბერს აშშ-ის ამომრჩევლები გადაწყვეტენ, ვინ გააკონტროლებს პარლამენტს ბაიდენის საპრეზიდენტო ვადის ბოლო ორ წელს. ოპოზიციური პარტიები, ტრადიციულად, უკეთეს კამპანიას ატარებენ ხოლმე საპრეზიდენტო ვადის შუაში. წინასაარჩევნო გამოკითხვები ნათელყოფს, რომ კენჭისყრის შედეგად რესპუბლიკელები თითქმის უეჭველად გააკონტროლებენ კონგრესის ქვედა პალატას. ზედა პალატაში, სენატში, შანსებს თანაბრად აფასებენ.

თუკი რესპუბლიკელები ერთ-ერთ პალატაში კონტროლს მოიპოვებენ, ეს მათ საშუალებას მისცემს, წინ აღუდგნენ ბაიდენის საკანონმდებლო ინიციატივებს. ეს, თავის მხრივ, მათ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დაეხმარება.

დემოკრატების ერთ-ერთი პრობლემაა პრეზიდენტის არაპოპულარობა. Reuters/Ipsos-ის მიერ ახლახან ჩატარებული გამოკითხვა მოწმობს, რომ პრეზიდენტის თანამდებობაზე ჯო ბაიდენის საქმიანობა მოსწონს ამერიკელთა 40%-ს. ეს თანამედროვე ისტორიაში შუალედური არჩევნების წინ ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

რესპუბლიკური პარტია ბაიდენს აკრიტიკებს მაღალი ინფლაციისა და დამნაშავეობის ზრდისთვის COVID-19-ის პანდემიის შემდეგ. თავიანთ კამპანიაში დემოკრატები კონცენტრირებული არიან იმ წამლებზე ფასების დაკლებაზე, რომლებიც რეცეპტებით გაიცემა, სოციალური შეღავათების დაცვაზე და ნახევარი საუკუნის განმავლობაში უმუშევრობის ყველაზე დაბალ დონეზე.

8 ნოემბერს აირჩევენ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის 435 წევრს, 100-მანდატიანი სენატის 35 წევრს, 36 შტატში გუბერნატორების არჩევნები გაიმართება. გარდა ამისა, 46 შტატში გაიმართება არჩევნები ადგილობრივი პარლამენტების 88 პალატაში. ეს არჩევნები ნაკლებად შესამჩნევია გლობალური მასშტაბით, მაგრამ შესაძლოა განსაზღვროს ამერიკის მთავარი პარტიების პოლიტიკური კურსი მომავალ წლებში.

XS
SM
MD
LG