Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლი არაფერს ამბობს ვაშინგტონთან გაუხმაურებელი საუბრების შესახებ აშშ-ის პრესის ცნობაზე


დმიტრი პესკოვი, კრემლის პრესმდივანი
დმიტრი პესკოვი, კრემლის პრესმდივანი

კრემლმა უარი განაცხადა კომენტარის გაკეთებაზე აშშ-ის მედიაში გავრცელებულ ცნობებზე, რომ ვაშინგტონმა გაუხმაურებელი საუბრები გამართა რუსეთის მაღალჩინოსნებთან - იმ ფონზე, როცა არსებობს შიში, რომ მოსკოვმა, შესაძლოა, უკრაინაში თავისი სამხედრო აგრესიის კიდევ უფრო დიდ ესკალაციას მიმართოს ან, საერთოდაც, ბირთვული იარაღი გამოიყენოს.

კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს 7 ნოემბერს უთხრა, რომ რუსეთი "ღია" რჩება მოლაპარაკებებისთვის, თუმცა მას კიევთან მოლაპარაკება არ შეუძლია, ვინაიდან უკრაინა ამაზე უარს აცხადებს.

პესკოვის განცხადებების ფონია Wall Street Journal-ში 6 ნოემბერს დაბეჭდილი ცნობა, რომ ეროვნული უშიშროების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა მოლაპარაკება გამართა რუსეთის მაღალჩინოსნებთან, იმ იმედით, რომ შემცირდეს უკრაინაში რუსეთის შეჭრის ბირთვულ კონფლიქტში გადაზრდის საფრთხე.

ერთი დღით ადრე Washington Post-ი იუწყებოდა, რომ შეერთებული შტატები გახმაურების გარეშე უკრაინას აგულიანებს რუსეთთან მოლაპარაკებისთვის მზაობაზე სიგნალის გასაგზავნად - მაშინ, როცა სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ მოსკოვი კონფლიქტის ესკალაციას მიმართავს და არ აქვს სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვის სერიოზული მიზანი.

Washington Post-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ აშშ-ის ოფიციალური პირების თხოვნა არ იყო მიმართული იმისკენ, რომ უკრაინა აუცილებლად უნდა დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, და ეს მცდელობა უფრო გათვლილი იყო იმაზე, რომ კიევმა შეინარჩუნოს სხვა ქვეყნების მხარდაჭერა.

ვაშინგტონს საჯარო განცხადება არ გაუკეთებია მედიაში გავრცელებულ ამ ცნობებზე.

XS
SM
MD
LG