Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზენაესში "რუსთავი 2-ის" საქმეზე მოსამართლე შესაძლო ზეწოლაზე საუბრობს - მას კოლეგები პასუხობენ


ფოტოკოლაჟი: დიმიტრი გვრიტიშვილი, ბესარიონ ალავიძე, ლევან მურუსიძე
ფოტოკოლაჟი: დიმიტრი გვრიტიშვილი, ბესარიონ ალავიძე, ლევან მურუსიძე

უზენაეს სასამართლოში ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" საქმის განმხილველი ერთ-ერთი მოსამართლე ხელისუფლების მხრიდან შესაძლო ზეწოლაზე საუბრობს. ბესარიონ ალავიძის ბრალდებებს მისი კოლეგები დიმიტრი გვრიტიშვილი და ლევან მურუსიძე, რომლებსაც არასამთავრობო ორგანიზაციები "სასამართლო კლანის" წევრებად მოიხსენიებენ, "არასამთავრობო ორგანიზაციებთან გარიგებით" ხსნიან.

ბესარიონ ალავიძე 6 ნოემბერს "ფორმულის" ეთერში გასულ სიუჟეტში ჰყვებოდა, რომ "რუსთავი 2-ის" საქმესთან დაკავშირებით ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახელით შეტყობინება მიიღო, რომ შედეგი არხის მაშინდელი მმართველის, ნიკა გვარამიას სასიკეთოდ დასრულებულიყო. ალავიძის თქმით, ამის შესახებ აცნობა პროკურატურასაც, თუმცა გამოძიებას შედეგი არ მოჰყოლია.

"როგორც ჩემთვის არის ცნობილი, გამოძიებას კონკრეტული შედეგი არ აქვს. ვფიქრობ, რომ თუ ეს იყო მიხეილ სააკაშვილის ორგანიზებული წერილები, ეს მოსამართლის საქმიანობაში ჩარევაა კონკრეტულ საქმეზე და მარტივად შეეძლო პროკურატურას ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა", - თქვა ბესარიონ ალავიძემ.

უზენაესი სასამართლოს ყოფილ მოსამართლეს ღირსებაშელახული უწოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

"სამწუხაროდ, ვიხილე ღირსებადაკარგული ჩემი კოლეგა, რომელიც NGO სექტორის ხელში ფაქტობრივად არის მოლაპარაკე თოჯინად, მარიონეტად ქცეული. მისი ასეთი ცილისმწამებლური კამპანიის მიზეზი არის ის, რომ არსებობს გარიგება მასსა და NGO სექტორს შორის იმის შესახებ, რომ მსგავსი სიბინძურეების სანაცვლოდ გარანტირებული ექნება პოლიტიკური თავშესაფარი", - უთხრა ჟურნალისტებს დიმიტრი გვრიტიშვილმა.

გვრიტიშვილის აზრს იზიარებს მურუსიძეც. ისიც ბრალდებას უყენებს "რუსთავი 2-ის" საქმის მოსამართლეს:

"როდესაც სასამართლოში არ დაინიშნა პიროვნება და 1,5 წელი გადის, დიპლომატიურ კორპუსს შევხვდიო და არასამთავრობო სექტორს შევხვდიო და იძახის აბსურდს - ანუ ცრუ ჩვენებას აძლევდა პროკურატურას?"

ბესარიონ ალავიძე საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2011 წლის თებერვალში 10-წლიანი ვადით დაინიშნა. ის ერთ-ერთი იყო იმ 9 მოსამართლეს შორის, რომლებმაც "რუსთავი 2"-ის საქმე განიხილეს და ის ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნეს. მის გარდა, საქმის განხილვაში ჩართული იყვნენ შემდეგი მოსამართლეები: ნინო გვენეტაძე, მზია თოდუა, ვასილ როინიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე, მაია ვაჩაძე, ზურაბ ძლიერიშვილი და გიორგი შავლიაშვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG