რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენის, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მფლობელ ევგენი პრიგოჟინის განცხადებას, რომ რუსეთი ერეოდა და ჩაერევა აშშ-ის არჩევნებში, ვაშინგტონისთვის არაფერი უთქვამს ისეთი, რაც დღემდე არ იცოდნენ. ამის შესახებ 7 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნედ პრაისმა. მისი შეფასებით, პრიგოჟინის თამამი აღიარება ადასტურებს დაუსჯელობას, რომლითაც პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებული პირები და თაღლითები სარგებლობენ.
პრაისის თქმით, აშშ-მა არჩევნებში ჩარევის გამო, პრიგოჟინს და მის მიერ დაფინანსებულ ინტერნეტ-კვლევების სააგენტოს სანქციები ჯერ კიდევ 2018 წელს დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, აშშ არ დაუშვებს არჩევნებში ჩარევას, მიუხედავად იმისა, საიდან იქნება მსგავსი მცდელობა და ამას არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც ამტკიცებს.
აშშ-ის სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევა, რაც ამ ქვეყნის ხელისუფლების მიერ იყო სანქცირებული და მიზნად ისახავდა ამერიკულ საზოგადოებაში განხეთქილების შეტანას და დემოკრატიის საფუძვლების შერყევას. 2016 წლის არჩევნებში რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა დაამარცხა დემოკრატი ჰილარი კლინტონი. გამოძიებას არ დაუდგენია რუსეთთან ტრამპის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელთა უშუალო კავშირები. არჩევნებში ჩარევის გამო, აშშ-ში ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს რამდენიმე პირს, მათ შორის ევგენი პრიგოჟინს.
2022 წლის ივლისში, სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ აშშ 10 მილიონ დოლარს გადაიხდის ინფორმაციისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს არჩევნებში უცხოეთიდან ჩარევის მონაწილე პირების და სტრუქტურების იდენტიფიცირებას, ადგილსამყოფლის დადგენას და მომავალში მსგავსი ჩარევის აღკვეთას. მათ შორის, აშშ ეძებს ინფორმაციას ევგენი პრიგოჟინსა და ინტერნეტ-კვლევების სააგენტოზე. „ტროლების ფაბრიკად“ წოდებულ სააგენტოს, რომლის დამფინანსებლად პრიგოჟინია მიჩნეული, 2016 წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებენ.
8 ნოემბერს აშშ-ში ჩატარდება კონგრესის არჩევნები, რომლის შედეგები გადაწყვეტს, შეინარჩუნებს თუ არა პრეზიდენტ ბაიდენის დემოკრატიული პარტია უმრავლესობას წარმომადგენელთა პალატასა და სენატში.