ავეჯის მწარმოებელი კომპანია "მელაძის" მფლობელის, ვაჟა მელაძის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე განმარტავს, რატომ ემალება მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამოძიებას. კობაიძემ თქვა, რომ მას "ურჩევნია, გარედან ესაუბროს საზოგადოებას".
პროკურატურის მიერ 9 ნოემბერს გავრცელებული განცხადებით ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საგამოძიებო უწყებამ ძებნა გამოაცხადა ვაჟა მელაძეზე.
"ის აღნიშნავს, რომ გარედან უფრო მეტს იტყვის, ვიდრე პენიტენციურ სამსახურში მოხვედრის შემთხვევაში. ასე გადაწყვიტა ამ ადამიანმა - ურჩევნია, გარედან ესაუბროს საზოგადოებას", - თქვა ადვოკატმა.
მელაძის უფლებადამცველმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ საქმეში მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობა არ იკვეთება.
"ფინანსური საკითხები მისი პრეროგატივა არ იყო, არც ერთი ტრანზაქცია არ არსებობს, რომ მას ან დირექტორმა ჩაურიცხა, ან სხვამ. ყველაფერი მიმართული იყო შპს-სკენ, მხოლოდ შპს „მელაძეს“ ჰქონდა ურთიერთობები დაზარალებულებთან. მელაძის მიერ ხდებოდა აღნიშნული კომპანიის გაპიარება, პროდუქციას ის აკეთებდა. ბმა არის, მაგრამ სამართლებრივი - არა. იმის გამო, რომ ერთი პირი აპიარებს რაღაც კონკრეტულს, ის დააკავო, სისხლის სამართლის კოდექსითაც გამორიცხულია", - თქვა მან.
ადვოკატი აღნიშნავს, რომ ამ საქმეში დაზარალებული არა მხოლოდ ის ათეულობით დამკვეთია, რომლებმაც დავა დაიწყეს, არამედ - თავად მელაძეც:
"ვაჟა მელაძის ერთადერთი ინტერესია, თუ რამე ფორმით აქვს დავალიანება კომპანიას, ეს ვალები გაისტუმროს, მაგრამ მთავარი მიზანია, ვაჟა მელაძემ ამ ურთიერთობაში საერთო ენა გამონახოს დაზარალებულებთან, რადგან დაზარალებული როგორც თქვენ, ასევე თავად ვაჟა მელაძეცაა".
მელაძის წინააღმდეგ დიდი ოდენობით თანხის დაუფლების ბრალდებით გამოძიება რამდენიმე თვის წინ დაიწყო. აღკვეთის ღონისძიებად მას გირაოც ჰქონდა შეფარდებული.
"სისხლის სამართლის საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება გამოძიება. საგამოძიებო ორგანოს თითქმის ყოველდღიურად მიმართავენ ახალი დაზარალებულები. ამ დროისათვის საქმეში ფიგურირებს 47 დაზარალებული და მათ მიმართ მიყენებული ზიანი ჯამში შეადგენს 719 408 ლარს", - აცხადებენ პროკურატურაში.
ერთ-ერთ ბოლო ვიდეოში, რომელიც ვაჟა მელაძის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა, ბრალდებული ადასტურებს, რომ ქვეყნიდან წავიდა. ის პასუხისმგებლობას საჯარო რეესტრში (შპს "მელაძე 2021-ის") ოფიციალურად რეგისტრირებულ მფლობელს აკისრებს.