Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ ტყვედ აყვანილი კადიროველი დიდწილად ახმედ ზაკაევის ჩარევით გაათავისუფლა


ყირგიზ მუსლიხანოვი
ყირგიზ მუსლიხანოვი

უკრაინის ტყვეობიდან ჩეჩნეთში დაბრუნდა ე.წ. მოხალისე, ურუს-მართანის მკვიდრი, 38 წლის ყირგიზ მუსლიხანოვი, რომლის გათავისუფლების საქმეში ჩართული იყო დევნილობაში მყოფი ჩეჩნეთის ხელისუფლების ხელმძღვანელი ახმედ ზაკაევი. მათი შეხვედრის ამსახველი ვიდეო „იუტუბით" გავრცელდა. ვიდეოში მუსლიხანოვი ამბობს, რომ თავისი ნებით ჩაბარდა უკრაინელებს, მაგრამ ზაკაევი მას სიტყვას აწყვეტინებს და ეუბნება, რომ იგი უკრაინელებს ებრძოდა და ტყვედ აიყვანეს მას შემდეგ, რაც დაჭრილმა გრძნობა დაკარგა.

„მას შემდეგ, რაც გავიგეთ, რომ აქ იმყოფები, ჩვენ ყველა ჩავერთეთ და ვცდილობთ შენს გათავისუფლებას. ჩვენ შევძელით შენი გადარჩენა. იმედი გვაქვს, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რომ შენს სახლამდე ჩააღწიო, მაგრამ ადამიანებმა, რომლებიც აქ მოდიან საომრად, უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ყველას დახმარებას ვერ შევძლებთ“, - აცხადებს ვიდეოჩანაწერში ახმედ ზაკაევი.

თავად კადიროველმა კამერის წინ აღიარა, რომ რამდენჯერმე სცადა უკრაინაში მიმდინარე ომში წასვლა ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვის მიერ შექმნილი ბატალიონის, „სევერ-ახმატის“ რიგებში, მაგრამ ელიტურ დანაყოფში მას უარი უთხრეს. ამის შემდეგ ყირგიზ მუსლიხანოვი მალულად გაემგზავრა მოსკოვში და იქიდან ჩავიდა უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების ზონაში.

მუსლიხანოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში ჩასვლის მესამე დღეს ჩაება ბრძოლაში, 9 სექტემბერს კი ოთხ მებრძოლთან ერთად წავიდა საბრძოლო დავალების შესასრულებლად - უკრაინული ტექნიკის გასანადგურებლად - მაგრამ უკრაინელებმა ოთხიდან სამი მებრძოლი მოკლეს, თავად მუსლიხანოვი კი ტყვედ აიყვანეს.

სექტემბერში ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების პარლამენტის სპიკერმა განაცხადა, რომ რესპუბლიკის ოფიციალური ხელისუფლება ერთ-ერთი მოსკოველი ბიზნესმენის დახმარებით ცდილობდა მუსლიხანოვის გაცვლას.

მუსლიხანოვის ტყვეობიდან გათავისუფლების შესახებ თავის ტელეგრამის არხით ინფორმაცია რამზან კადიროვმაც გაავრცელა. მისი თქმით, ტყვეობიდან დაბრუნებული მუსლიხანოვი ჯანმრთელობის აღდგენას და კვლავ უკრაინაში საომრად წასვლას გეგმავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG