Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის დაზვერვამ დაადასტურა უკრაინის შეიარაღებული ძალების ხერსონში შესვლა


ხერსონის მოსახლეობის ზეიმი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე
ხერსონის მოსახლეობის ზეიმი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე

უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის ჯარების მიერ მიტოვებულ ხერსონში შედიან, იტყობინება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო (GUR).


"ხერსონი უკრაინის კონტროლს უბრუნდება, ქალაქში უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილები შედიან. რუსი ოკუპანტების უკუქცევის მარშრუტები უკრაინის არმიის ცეცხლის კონტროლის ქვეშ იმყოფება. უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ნებისმიერი მცდელობა აღიკვეთება, განადგურდება ყველა რუსი სამხედრო მოსამსახურე, რომელიც წინააღმდეგობას გაგვიწევს. თქვენ გაქვთ ერთადერთი შანსი, რომ თავიდან აიცილოთ სიკვდილი-დაუყოვნებლივ ჩაგვბარდეთ ტყვედ", - ნათქვამია უკრაინის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს მიმართვაში.

ტყვედ ნებაყოფლობითი ჩაბარების შემთხვევაში, უკრაინა რუს ჯარისკაცებს ჰპირდება სიცოცხლისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას და ჟენევის კონვენციების თანახმად დაცვას, ასევე საკვებითა და სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფას და გაცვლის შესაძლებლობას.

ქალაქში უკრაინის შეიარაღებული ძალების გამოჩენამდე კი, ხერსონის მოსახლეობამ უკრაინის დროშებით დაიწყო ქუჩაში გამოსვლა. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე უკვე ფრიალებს უკრაინის სახელმწიფო დროშა.

იმავდროულად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სრულად დასრულდა დნეპრის მარცხენა სანაპიროზე რუსული ჯარების ჯგუფის გადასროლა.

"საერთო ჯამში, გადაყვანილია 30 ათასზე მეტი რუსი სამხედრო მოსამსახურე, დაახლოებით 5 ათასი ერთეული შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა, ასევე მატერიალური ქონება. მთელი რუსული სამხედრო ტექნიკა, რომელიც უნდა შეკეთდეს, ასევე გადაიყვანეს დნეპრის მარცხენა სანაპიროზე. მარჯვენა სანაპიროდან გაყვანილმა რუსეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებებმა და სამხედრო ნაწილებმა საინჟინრო თვალსაზრისით გაძლიერებული თავდაცვითი ხაზები და პოზიციები დაიკავეს", - აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

9 ნოემბერს, საღამოს, უკრაინაში რუსეთის ჯარების მეთაურმა, გენერალმა სერგეი სუროვიკინმა „შექმნილი სიტუაციის ყოველმხრივ შეფასების“ საფუძველზე, თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიუგუს შესთავაზა, რომ სამხედრო ქვედანაყოფები გადაიყვანონ მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე. შოიგუ წინადადებას დათანხმდა და შესაბამისი განკარგულება გასცა, რაც ნიშნავს, რომ რუსეთმა უნდა დატოვოს დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარე, გაზაფხულიდან ოკუპირებული ქალაქი ხერსონი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG