Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების სტუდენტების დემობილიზაციის განკარგულება გასცა

მობილიზაცია დონეცკში, თვითგამოცხადებულ "სახალხო რესპუბლიკაში". 22 თებერვალი. 2022 წელი
მობილიზაცია დონეცკში, თვითგამოცხადებულ "სახალხო რესპუბლიკაში". 22 თებერვალი. 2022 წელი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბრძანება გასცა იმ სტუდენტების დემობილიზაციის შესახებ, რომლებიც უკრაინასთან ომისთვის იყვნენ მობილიზებული თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის "სახალხო რესპუბლიკების" ე.წ. ხელისუფლებების მიერ.

ამის შესახებ კვირას განაცხადა კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა. ამასთან, რაიმე შესაბამისი დოკუმენტი არ გამოქვეყნებულა.

პესკოვის თქმით, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების ე.წ. სახალხო მილიციის ძალები ახლა ინტეგრირებულია რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში, სადაც სტუდენტების გაწვევა არ ხდება. ამიტომ პუტინმა განკარგულება გასცა სტუდენტების სასწავლო ადგილებზე დაბრუნების შესახებ.

ამასთანავე, რუსეთის სახელმწიფო სააგენტოების ცნობებში კვლავაც ფიგურირებს სიტყვათშეთანხმება "მოკავშირე ძალები". ის ომის პირველ დღეებში შეიქმნა რუსეთის არმიისა და მისი "მოკავშირე" ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღსანიშნავად, რომელთაც რუსული ხელისუფლება მაშინ დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიქვამდა.

ოქტომბრის დასაწყისში მოხდა კრემლის მიერ მათი ოფიციალური ანექსია. ჯერ კიდევ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების სეპარატისტებმა, რომელთაც რუსეთი უმაგრებდა ზურგს, მათი კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადეს. იგი ათობით ათას ადამიანს შეეხო, მათ შორის მათაც, ვისაც არანაირი სამხედრო გამოცდილება არ ჰქონდა. მრავალრიცხოვანი ცნობების მიხედვით, მობილიზებულებმა მძიმე დანაკარგები განიცადეს. ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ოფიციალური მონაცემებით, მოკლულია ათასობით ადამიანი. რუსეთში 21 სექტემბერს ასევე გამოაცხადეს მობილიზაცია და მას ნაწილობრივი უწოდეს. დასწრებული სწავლების სტუდენტებს მობილიზაციისგან გადავადების უფლება მისცეს.

ოქტომბრის ბოლოს ხელისუფლებამ "სამობილიზაციო ღონისძიებების" დასრულების შესახებ გამოაცხადა, თუმცა თავად მობილიზაციის შესახებ დადგენილება არ გაუქმებულა.

XS
SM
MD
LG