Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის გენშტაბი: მოწინააღმდეგემ ხერსონის ოლქში გააძლიერა საჰაერო დაზვერვა


განადგურებული რუსული საბრძოლო ტექნიკა ხერსონის ოლქში. 2022 წლის 13 ნოემბერი
განადგურებული რუსული საბრძოლო ტექნიკა ხერსონის ოლქში. 2022 წლის 13 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის ჯარები განაგრძობენ თავდაცვითი პოზიციების მოწყობას სამხრეთში, მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე და შეტევას აღმოსავლეთში - ბახმუტის, ავდეევკის და ნოვოპავლოვკის მიმართულებებით.

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, ხერსონის ოლქის გათავისუფლებულ დასახლებულ პუნქტებში შენარჩუნებულია ნაღმების აფეთქების საფრთხის მაღალი დონე, მოწინააღმდეგემ კი, გააძლიერა საჰაერო დაზვერვა, რაც შესაძლოა, ნიშნავდეს სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმებისთვის მზადებას. გენშტაბის ინფორმაციით, დაზუსტებულია, რომ 13 ნოემბერს, გამთენიისას, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ხერსონის ოლქის სოფელ კაირის რაიონში გაანადგურეს 40-მდე რუსი სამხედრო, საბრძოლო მასალების საწყობი, 2 ერთეული ჯავშანტექნიკა და 10 სატვირთო ავტომობილი. ხერსონის ოლქის ეს სოფელი დნეპრის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს.

უკრაინის არმიის სარდლობის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, გასულ 24 საათში, თავდაცვის ძალებმა რუსული ჯარების შეტევა მოიგერიეს ლუგანსკის ოლქის 3 და დონეცკის ოლქის 4 დასახლებულ პუნქტთან. გენშტაბის თანახმად, ბოლო 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე, მათ შორის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განახორციელეს 4 სარაკეტო და 13 საავიაციო დარტყმა და 60-მდე შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. სარაკეტო დარტყმების შედეგად დაზარალდნენ ქალაქი ხარკოვი და ხარკოვის ოლქის დასახელებული პუნქტები.

უკრაინის არმიის სარდლობის ოფიციალური მონაცემებით, გასულ 24 საათში, თავდაცვის ძალების ავიაციამ განახორციელა 16 დარტყმა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, სამხედრო ტექნიკის და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების თავმოყრის რაიონებზე. გენშტაბის ცნობითვე, უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს რუსეთის არმიის 1 უპილოტო საფრენი აპარატი, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს მოწინააღმდეგის მართვის 2 პუნქტი და ცოცხალი ძალის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის 11 ადგილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG